პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსს არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობას კი კონსულტაციებში ჩართვას სთავაზობს.
„ჩვენ ვფიქრობთ ბევრ მოდელზე. უახლოეს დღეებში მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია, შექმნილ სიტუაციაში ამ მოდელებიდან რომელს მივიჩნევთ ყველაზე სწორად. ეს იქნება კონკურსი თუ სხვა გზა და სხვა მეთოდი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან არის დიდი ინტერესი ამ პროცესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს შეთავაზებას „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით, რომ მიუხედავად მათი უარისა, მზად ვართ, შევხვდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მოდელთან დაკავშირებით, მათ შორის კონკურსთან და სხვა მოდელებთან დაკავშირებით, რის შესახებაც მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია. ჩვენ სწორად მიგვაჩნია მათი ჩართვა ამ პროცესში და დღესაც მზად ვართ, შევხვდეთ,”- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.