LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: “ქალბატონო გუჯაბიძე მოგიწევთ მანტიის გახდა”

78

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ის, რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს არის სრული ფიქცია და რუსთავი 2-ის შტურმით აღების მცდელობა

„დღეს მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით, ამის მიუხედავად დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც შედგება 71 გვერდისგან, რომელიც როგორც აღმოჩნდა დაწერა 1 დღეში. ქალბატონო გუჯაბიძე მოგიწევთ მანტიის გახდა, რადგან სრულიად შეუძლებელია 12 დღეში 71 გვერდი დაგეწერათ თქვენი კვალიფიკაციის პატრონებს.

ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს, მხოლოდ 2 გამონაკლისია-სოციალურად დაუცველი და პატიმარი. რეალური შედეგი ამისა ის არის, რომ ჩვენ სასამართლოს მცდელობით 18 დღე მოგვპარეს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადაც, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლზე, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც არის ერთადერთი რასაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მხარეს ეს გადაწყვეტილება უკვე გადაეცა.

”მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ თქვენს განმარტებას, რას აკეთებს სააპელაციო სასამართლო?! რა ქმედებებია ეს?! საიდან იწყება ბოლო-ბოლო ჩვენი საკასაციო საჩივრის ათვლის ვადა? რატომ გამოგვეგზავნა ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით და რატომ გადაიხადა სასამართლომ ამაში ფული? მოვითხოვ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება”, – განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ასევე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, დაიცვას ტელეკომპანიის, როგორც იურიდიული პირის და მასში მომუშავე ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ასევე მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოითხოვს პასუხების გაცემას კითხვებზე, რომელიც მის მიერ უკვე დაისვა.

პოპულალურები