LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ეკონომიკური ხედვა: „მოვუსმინოთ მათ, ვინც დოვლათს ქმნის“

39

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

მან ტურადღება გაამახვილა, ბოლო დროის ეროვნული ვალუტის დასტაბილურებასა და გამყარებაზე და აღნიშნა, რომ ეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია.

თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ამ დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მაღალი ინფლაციური დონეა, რაც მოსახლეობის და კერძო სექტორისთვისაც უმძიმესი ტვირთია/

„ეს უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა. რადგან, ერთი მხრივ ძვირდება წარმოება და მეორე მხრივ იკლებს პროდუქტის რეალიზაცია.

ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა, სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა.

ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს, არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას! მეტიც – უნდა აღიქვამდეს თავისივე გადარჩენისა და ფუნქციონირების წინაპირობად“,განაცხადა მარგველაშვილმა მისი გამოსვლის ეკონომიკურ ნაწილში და დასძინა, რომ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს და სამუშაო ადგილების შემქმნელი სექტორის მხარდაჭერა, სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს.

ამის გარდა, პრეზიდენტის მოსაზრებით, უნდა ამუშავდეს კერძო არბიტრაჟი, როგორც ბიზნეს-დავების განხილვის,ეფექტური და ალტერნატიული საშუალება.

ასევე, გიორგი მარგველაშვილის თქმით, კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთიანი ძალისხმევით უნდა მოქმედებდეს. კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ბიზნესის დაჯარიმების გზით არა მის შესუსტებაზე, არამედ ბიზნესთან პარტნიორობასა და მეწარმეების მხრიდან დარღვევების თავიდან აცილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

პარალელურად, ხაზგასასმელია სახელმწიფოს როლი ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შენარჩუნების კუთხით, რაც მთლიანობაში ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს, მსხვილი ბიზნესების კიდევ უფრო გამსხვილებაზე, რაც საქართველოში მცირე ბიზნესის შესყიდვა–შერწყმის ხარჯზე ხდება.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა საფინანსო სექტორში, სადაც არაპროფილური მიმართულების მქონე კომპანიები ჰოლდინგებში ერთიანდებიან და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ბაზრის კონტროლისკენ  მიილტვიან.

პრეზიდენტის მოსაზრებით, ასეთ პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაძლიერდება, ვერც დასაქმების პრობლემა გადაიჭრება.

ის მოუწოდებს მთავრობას, რომ კონკურენციის შესახებ კანონი უფრო ქმედითი გახდეს.

„ამ პირობებში, მომხმარებელთა უფლებები დაუცველია ფასწარმოქნის ნაწილშიც. ამიტომ, საჭიროა კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება.

გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა – „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“, „დანერგე მომავალი“ და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის მოსაზრებით, კერძო სექტორის გასაძლიერებლად, ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა კაპიტალიზმის ბაზრის განვითარება

„ვფიქრობ, ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა კერძო სექტორის გასაძლიერებლად. ამასთანავე, საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება, ამ სტრატეგიას  უფრო ეფექტურს გახდიდა“, – განაცხადა მან.

magti 5g