“პრეზიდენტის ინსტიტუტს მიაყენა შეურაცხყოფა ადამიანმა, რომელიც არაჟნის ქილებთან ერთად შემოიპარა საქართველოში, რომელმაც აგინა ციხის თანამშრომლებს, რომლებიც თავის კანონიერ მოვალეობას ასრულებდნენ და რომლებმაც მართლაც უმაღლესი დონის მოთმინება და ღირსება გამოავლინეს და მათ მადლობას ვუხდი ამისთვის”,-ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.
ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებას ჰქონდა ამ კადრების ნახვის უფლება და უნდა სცოდნოდა, მართლა აწამეს ექსპრეზიდენტი თუ არა. მან სამართალდამცავებს მოთმინებისა და ღირსების გამო მადლობა გადაუხადა.
“კი, საზოგადოებას აქვს უფლება, როცა გვეუბნებიან, რომ მესამე პრეზიდენტი არის ნაწამები, ვიცოდეთ, მართლა აწამეს თუ არა. რომ არ ჰქონოდა ამ სპეკულაციებს ადგილი, ამიტომ დიახ, საზოგადოებას უნდა ენახა ეს კადრები, საზოგადოებამ ნახა ეს კადრები და ნახა, რომ არანაირი უფლების დარღვევა სააკაშვილის მიმართ არ ყოფილა. ნულოვანი უფლების დარღვევა მაშინ, როდესაც ის, რაც მან ჩაიდინა, იყო კიდევ მორიგი დანაშაული სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ.
ახლა რომ სახალხო დამცველი ვიყო ზუსტად იგივეს გავიმეორებდი, აბსოლუტურად.
პრეზიდენტის ინსტიტუტს მიაყენა შეურაცხყოფა ადამიანმა, რომელიც არაჟნის ქილებთან ერთად შემოიპარა საქართველოში, რომელმაც აგინა ციხის თანამშრომლებს, რომლებიც თავის კანონიერ მოვალეობას ასრულებდნენ და რომლებმაც მართლაც უმაღლესი დონის მოთმინება და ღირსება გამოავლინეს და მათ მადლობას ვუხდი ამისთვის”,-განაცხადა სუბარმა.
