“კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ ამ ბრძოლაში როგორც საზოგადოებამ და დავაფიქსიროთ პოზიცია იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამ ჩანაწერებს, ამ სიბინძურეს, ამ ლაფს და საზიზღრობას თავის სასაუბროდ აქცევენ ხოლმე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, სადაც ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ფარული ჩანაწერების გავრცელების წინააღმდეგ:
”პირველი მძაფრი შეტევის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ დაცულობაზე იქნა მიტანილი, მთელი საზოგადოება, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, გაერთიანდა. იყო აბსოლუტური ერთიანობა, ეს იყო ძალიან ნათლად დაფიქსირებული პასუხი იმ ნაძირლობაზე, რომლის მცდელობაც ჩვენ მაშინ დავინახეთ. ბრძოლა ჩვენ მაშინ მოვიგეთ. ასეთივე ტიპის პასუხი უნდა იყოს, მაშინ როდესაც გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი”
პრეზიდენტის შეფასებით, საზოგადოებისთვის პრინციპულად ამაზრზენი უნდა იყოს ფარული ჩანაწერების გავრცელება.
”რა თქმა უნდა, სატელეფონო ჩანაწერში სკანდალური არაფერი იყო. შეიძლება ამ ჩანაწერის ადრესატებს თვითონ გამოექვეყნებინათ ეს ჩანაწერი, მათი გადასაწყვეტი იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის პრინციპულად ამაზრზენი უნდა იყოს, რომ საერთოდ ამასთან შეხება გვქონდეს. კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ ამ ბრძოლაში როგორც საზოგადოებამ და დავაფიქსიროთ პოზიცია იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამ ჩანაწერებს, ამ სიბინძურეს, ამ ლაფს და საზიზღრობას თავის სასაუბროდ აქცევენ ხოლმე. მოდით, როგორც საზოგადოებამ, მაშინ, როგორც წლის დასაწყისში ვთქვით, რომ ჩვენთვის ეს მიუღებელია, დღეს ეს პოზიცია დავუფიქსიროთ იმ უხერხემლო პოლიტიკოსებს, რომლებსაც ამ სიბინძურის გარეშე სასაუბრო ვერ აუწყიათ.”
