საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის განკარგულება არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გამოსცეს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსის“ ახალი ნორმების მიხედვით, პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ორ კანდიდატურას წარუდგენს. თუკი პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.
საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 11 წევრისგან. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.
კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა, საკონკურსო კომისია პრეზიდენტს პირის ცესკოს წევრად ასარჩევად წარუდგენს თითო ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატურას.
კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის 2 მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 7 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ეს პოსტი კი ვაკანტური 1-ელი ივლისიდანაა.