“ქართული ოცნების” თავმჯდომარე IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ პროცენტები მმართველ პარტიას მოაკლეს და “ნაციონალურ მოძრაობას” და გიორგი გახარიას პარტიას თანაბრად გადაუნაწილეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევის მონაცემები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის აცდენილი იყო არჩევნების შედეგებს.
მისივე განცხადებით, დასტურდება მრავალჯერ ნათქვამი, რომ გახარია “ნაციონალური მოძრაობის” პროექტია და მათ მიზანია, ახალი პარტია წინ წამოწიონ:
“კვლევის მონაცემები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის აცდენილი იყო არჩევნების შედეგებს. როგორც წესი, ჩვენ პროცენტს გვაკლებდნენ და ეს პროცენტები ეწერებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”.
ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად საინტერესოა, რომ ჩვენ მოგვაკლეს ეს პროცენტები, მაგრამ გადაუნაწილეს არა “ნაცმოძრაობას”, არამედ თანაბრად გადაუნაწილეს “ნაცმოძრაობასა” და გახარიას პარტიას. აქედან ძალიან მარტივი რამ იკითხება, დასტურდება ჩვენ მიერ არაერთგზის ნათქვამი, რომ გახარია, რეალურად, არის “ნაცმოძრაობის” პროექტი, მათი მიზანია პიარულად რაც შეიძლება წინ წამოწიონ ეს პარტია.” – ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა IRI-მ კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა აზრი პროცენტულად ასე გადანაწილდა – 26% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 14% – “ნაციონალურ მოძრაობას” ხოლო 9 % გიორგი გახარიას პარტიას.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რამდენიც უნდა იყოს კანდიდატი და ვინც უნდა იყოს, კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს.
მისივე ტქმით, აქვთ საკუთარი მონაცემები, რომ კახი კალაძე არის ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკური ფიგურა, გახარია კი მათი მონაცემების მიხედვით, სამეულშიც არ არის:
“როდესაც ორი ძირითადი კანდიდატი დგება არჩევნებში, ასეთ დროს ჩვენთვის კიდევ უფრო მარტივია პირველივე ტურში მოგება, მაგრამ ასეც და ისეც, რამდენიც არუნდა იყოს კანდიდატი და ვინც უნდა იყოს, კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. ამას აქვს ძალიან მარტივი საფუძველი, საფუძველია ის, რომ უამრავი რამ გაკეთდა თბილისში ამ ოთხი წლის განმავლობაში. გაკეთდა ყველაფერი ძალიან ხარისხიანად. ეს ყველაფერი არის საფუძველი იმის, რომ კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი ოპოზიციიდან და რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი.
ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, კახი კალაძე არის ყველაზე პოპულარული, ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკური ფიგურა. რაც შეეხება გახარიას, ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ის არ არის სამეულშიც კი. მას გადაასწრო ოპოზიციიდანაც კი ერთმა თუ ორმა კანდიდატმა.” – თქვა კობახიძემ.