LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტები, რომელიც ENPARD-მა აჭარაში განახორციელა

137

აჭარაში ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის) პირველი ფაზა 30 ივნისს დასრულდა. პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით, რეგიონში მედია ტური გაიმართა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, ევროკავშირის ხელშეწყობით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით გამართულ მედიატურში მონაწილეობა 40-მდე ჟურნალისტმა მიიღო.

მედია ტურის მონაწილეებმა ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილი კოოპერატივები დაათვალიერეს. ჟურნალისტები მაღალმთიანი აჭარის, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებს ჯაბნიძეებს, ახოს, ოქტომბერსა და ზენდიდს ესტუმრნენ, სადაც თხილის პლანტაციები, საკალმახები და სასათბურე მეურნეობები მოინახულეს.

როგორც თხილის მწარმოებელთა კოოპერატივი ”პერსპექტივა თხილის” ხელმძღვანელმა ნოდარ ზოსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებამ 12 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა მიიღო, რისი დახმარებითაც წარმოება გაზარდა.

ამავე პროგრამის ფარგლებში, 38 ათასი ლარის ღირებულების სპეც ტექნიკით აღიჭურვა საკალმახე მეურნეობა ”პერანგა”, რომელიც, წლის განმავლობაში, 20 ტონაზე მეტ თევზს აწარმოებს.

მედია ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს, გაეროს ელჩს საქართველოში ნილს სკოტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნოდარ კერესელიძეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს და საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდნენ.

მათ ერთად მოინახულეს კენკროვანების პლანტაცია სოფელ ოჩხამურში, რომელიც ENPARD-ის დახმარებით გააშენა ფერმერთა კოოპერატივმა „ლურჯა“, ხოლო შემდეგ აჭარის აგროსერვისცენტრის ქობულეთის ფილიალს ეწვივნენ.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობას და გაეროს განვითარების პროგრამასთან, საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობას ქმედითი წვლილი შეაქვს მცირე ფერმერთა კოოპერაციის დანერგვაში და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მხოლოდ აჭარაში ENPARD-ის მეშვეობით 70-ზე მეტი წარმატებული კოოპერატივი გაიხსნა, ხოლო საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებით ათი ათასზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა“, – განაცხდა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

„ENPARD-ის მიღწევები აჭარაში საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ ჩვენ ველოდებით მისი ახალი ეტაპის დაწყებას, რათა განვაგრძოთ სოფლის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში“, – აღნიშნა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა.

პროგრამა ENPARD აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013-2016 წელს განხორციელდა. ENPARD – აჭარას ბიუჯეტმა 3.3 მილიონი ევრო შეადგინა.

 

ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g