LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროექტი შედგა, რადგან ჩვენს წინაშეა 32 ქვეყნის 132 ნამუშევარი“ – ცნობილია ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი კარიკატურის ფესტივალის გამარჯვებულები

161
Untitled design (3)

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ნიკო ფიროსმანის 160 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, კატალოგის პრეზენტაცია და გამარჯვებულ მხატვარ-კარიკატურისტთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

დიდი მხატვრის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კარიკატურის ფესტივალში „ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის Art&Society ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, მხატვრები 32 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, 132 ნამუშევრიდან ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.

◾ პირველი ადგილი ზურაბ მარხვშვილის ნამუშევარს ერგო;

◾ მეორე ადგილზე უკრაინელი მხატვარი იგორ ტალალაის ნამუშევარი დასახელდა;

◾ მესამე ადგილი კი ქართველი და თურქი კარიკატურისტების ლუკა კიკნაველიძის და მენექშე ჩამის წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის განაწილდა.

გარდა ამისა, ჟიურის სიმპათია მარციო მარიანის და გუგა ქაშიბაძის კარიკატურებმა დაიკავა. კონკურსის სპონსორის „რეს 11“-ის სიმპათია მაკა ზედელაშვილის ნამუშევარი გახდა. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები: 1000 ევროს, 700 ევროს და 500 ევროს ექვივალენტი ლარში.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

„კონკურსში, ერთი თვის განმავლობაში, რაც ძალიან მოკლე ვადაა, 32 სხვადსხვა ქვეყნიდან 132 მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. უნიკალური ფენომენი, როგორიც არის ფიროსმანი, სამყარომ კიდევ მეტად და კიდევ უკეთ გაიცნო. თუკი ინიციატორების სურვილიც იქნება, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ პროექტის მხარდაჭერას“, – აღნიშნა მინისტრმა.

მხატვარ ზურაბ მარხვაშვილისთვის კონკურსში გამარჯვება ემოციური აღმოჩნდა.

„ემოციებში და ეიფორიაში ვარ. რა თქმა უნდა დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა. ძალიან მიხარია, ეს არის დიდი სტიმული მომავალი საქმიანობისთის“, – განაცხადა ზურაბ მარხვაშვილმა.

პროექტი მიზნად ისახავს დიდი მხატვრის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და მისი შემოქმედების თანამედროვე ჭრილში გააზრებას.

პროექტის საწყის ეტაპზე გამოცხადდა კონკურსი. კონკურსის მონაწილე მხატვრებს ჰქონდათ 10-დღიანი სამუშაო ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა შეესრულებინათ ნიკო ფიროსმანის ან მისი პერსონაჟების კარიკატურა. ამასთან, შესრულებულ ნამუშევართან ერთად, უნდა წარმოედგინათ 1-წუთიანი ვიდეო, სადაც ისაუბრებდნენ, თუ რა ინსპირაცია მისცა მათ ფიროსმანის ნამუშევრებმა და, ზოგადად, რას ნიშნავს ფიროსმანის არსებობა სამყაროსთვის.

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომი, რომელშიც 91 მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი.

„პროექტი შედგა, რადგან ჩვენს წინაშეა 32 ქვეყნის 132 ნამუშევარი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ იდენტობის სიმბოლოს – ნიკო ფიროსმანს მიეძღვნა. მხატვარ-კარიკატურისტებმა გაითავისეს ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, მისი პიროვნება და საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შეასრულეს. ჟიურის რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რადგან კონკურსში ბევრი ცნობილი, პროფესიონალი მხატვარი მონაწილეობდა. აღსანიშნავია კატალოგიც, სადაც შემოსული ნამუშევრები შევიდა, ვიდეო რგოლი, მხატვრების შთაბეჭდილებები ფიროსმანზე“, – აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძემ.

მისი აზრით, საერთაშორისო ფესტივალი პირველად ჩატარდა და, მცირე ვადების მიუხედავად, ძალიან კარგი შედეგები აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ „გამოფენა რეგიონებსაც მოივლის და სახალხო შემოქმედი ნიკალა, მასზე მიძღვნილი ნამუშევრებით კიდევ ბევრ ადამიანს შეაყვარებს თავს“.

„ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“ – ფიროსმანის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საერთაშორისო კარიკატურის ფესტივალი იმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g