საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026 წლიდან განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს.
პროექტს, პრეზიდენტის ამპლუაში, სტუმარმასპინძლობის სფეროს ექსპერტი ელენე ოთარაშვილი უხელმძღვანელებს. შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა.

მიმდინარე წელს პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდება და დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასტერკლასების ჩატარება, რეგიონული შეხვედრების გამართვა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა.
პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ინდუსტრიაში.

„ღონისძიების ახალ ციკლს მნიშვნელოვანი ცვლილებებით ვიწყებთ. დაჯილდოება გარდაიქმნება ძლიერ პლატფორმად, რომელიც სფეროს წარმომადგენლებს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ მმართველ პარტნიორს, მაია სიდამონიძეს, გაწეული შრომისა და ღონისძიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აქვე, წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ პროექტის ახალ პრეზიდენტს, ელენე ოთარაშვილს. დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად პროექტი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავა“, – ნიკოლოზ სირაძე, პროექტის მმართველი პარტნიორი.
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტის როლი. მადლობას ვუხდი მმართველ პარტნიორებს – ნიკოლოზ სირაძეს და ერეკლე მეფისაშვილს ნდობისთვის. ბოლო 11 წლის განმავლობაში ამ პროექტთან ბევრი მოგონება მაკავშირებს და ახლა უკვე პრეზიდენტის პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება ახალ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მოხარული ვარ, რომ ვიქნები ამ ძლიერი, განახლებული გუნდის ნაწილი და ერთად შევიტანთ წვლილს ქართული ტურიზმის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დაჯილდოების ახალი სტანდარტის დამკვიდრება“, – ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი.

2015 წლიდან ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება აერთიანებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაჯილდოვდა არაერთი კომპანია, ორგანიზაცია და პროფესიონალი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სექტორის განვითარებაში.
პროექტის პარტნიორია წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონი“, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. „გრანთ თორნთონი“, რომელიც საქართველოში 20 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს, წინა წლის წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, წელსაც უზრუნველყოფს კონკურსის პროცესის დამოუკიდებელ ზედამხედველობას, გამჭვირვალობას და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრ დაცვას, რაც კონკურსის შედეგებს მეტ სანდოობასა და საერთაშორისო აღიარებას სძენს.
ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 30 კატეგორიაში, რომელიც ინდუსტრიის მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავს. ფინალისტები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართება.
