ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში EAGT აკრედიტებული, EAP სერტიფიცირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი fortuna.ge-ს ესაუბრება კვლავ გააქტუალურებული კოვიდინფექციის და იმ შედეგების შესახებ, რასაც შექმნილი ვითარება ადამიანების ფსიქოემოციურ მდგომარეობას აყენებს. როგორ გავუმკლავდეთ სტრესს, რომელიც დღევანდელ სამყაროს მოაქვს, თავისი გადასაჭრელი თუ გადაუჭრელი პრობლემებით, ამის შესახებ ცნობილი სპეციალისტი თავის რჩევებს გაგვიზიარებს.
გარკვეული პერიოდი უკვე გავიდა კოვიდინფექციის პანდემიის დაწყებიდან. რისი მოლოდინი გქონდათ სპეციალისტებს და რა მოიტანა სინამდვილეში ამ ვირუსმა?
თეა გოგოტიშვილი:
კორონავირუსმა, პირველ რიგში, მოიტანა ადამიანების ერთმანეთისგან დისტანცირება, ცოცხალი კონტაქტებიდან განრიდების აუცილებლობა, რომელიც სოციალურად აქტიური ადამიანებისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. ბევრმა საკმაოდ მძიმედ გადაიტანა ე.წ. კარანტინის პერიოდიც, როდესაც ადამიანებს „ოთხ კედელში“ გამოკეტვამ მოუწიათ. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა შეექმნათ მათ, ვინც ვერ მოახერხამ კრეატიულად მორგებოდა ახალ გარემოს. ერთნი, განიცდიდნენ სერიოზულ დისკომფორტს, რადგან სივრცე უფრო მცირე იყო, ვიდრე ოჯახის წევრების რაოდენობა; მეორენი, პირადი სივრცის გარეშე დარჩნენ 24-საათიანი ერთად ყოფნის პერიოდში. კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობები იქ, სადაც ისედაც გართულებული იყო, ამიტომაც ოჯახური კონფლიქტების თემაც გამძაფრდა. ამ შემთხვევაში არ ვახსენებთ მათ, ვინც შემოქმედებითი უნარები გამოიჩინა, მოერგო სიტუაციას და მაქსიმუმი გააკეთა გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ ახლა უფრო მეტად პრობლემურ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რაც საკმაოდ გავრცელებული იყო.
აშშ-ში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ჩანს, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ან ისინი, ვინც სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე დადგა, ყველაზე მეტად განიცადეს მძაფრი ფსიქოლოგიური „რყევა.“ პანდემიის პერიოდში შექმნილი უმუშევრობა აღმოჩნდა ყველაზე დიდი სტრესორი.
საქართველოს რეალობას რაც შეეხება, „შეუიარაღებელი თვალით“ ჩანს, რომ ფინანსური კრიზისი აქაც ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. ბევრი უკვე შეჩვეული იყო უმუშევრობას, რადგან ჩვენთან დაუსაქმებელთა რაოდენობა მაღალია, თუმცა შექმნილმა სიტუაციამ კიდევ უფრო დაამძიმა მოცემულობა. არის პროფესიები, რომლებიც ონლაინ არ ფუნქციონირებს. ასეთი სფეროები შეიძლება გაკოტრდნენ, ხოლო იქ მომუშავე ადამიანები კარგავენ სამსახურს და სავალალო მდგომარეობაში ვარდებიან.
ბოლო წლებში აქტუალურია, როგორ მოვაშოროთ ადამიანები გაჯეტებს, იზოლაციის პირობებში კი პირიქით ვწუწუნებდით, მოგვაშორეთ გაჯეტებიო.
სინამდვილეში, ყველაზე დიდი პრობლემა ელექტრომოწყობილეობებთან დაკავშირებით, უფრო მეტად მოზარდებს უკავშირდება. ზრდასრულები სხვა თაობის წარმომადგენლები არიან, კი აითვისეს გაჯეტები არცთუ დიდი ხნის წინ, მაგრამ უმეტესობას ურჩევნია ცოცხალი ურთიერთობები, ამიტომაც უფროსი თაობისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა იზოლაცია და ცოცხალ კონტაქტზე უარის თქმა. მოზარდებთან სხვა მხრივ გართულდა საქმე. ისინი უფრო მეტად არიან მიჯაჭვულები გაჯეტებს, რადგან უწევთ მეცადინეობა, კომუნიკაცია, განტვირთვაც და გართობაც ონლაინ. ამიტომაც წარმოიდგინეთ, ახლა მათი ცხოვრება იძულებით მხოლოდ გაჯეტს დაუკავშირდა. მოზარდებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანატოლებთან ურთიერთობას. 21-ე საუკუნეში, ახალგაზრდების უმეტესობა ისედაც რთულად სძლევდა გაჯეტებით ურთიერთობის ცდუნებას, მაშინ როდესაც მშობლები ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ მათთვის მეგობრებთან ცოცხალ ურთიერთობებში, პანდემიის პირობებში მოზარდები გაჯეტების ანაბარა დარჩნენ.
ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
ზოგადად თუ ვიტყვით, გარდატეხის ასაკამდე მშობლების შანსები, რომ ბავშვები ნაკლებად მიეჯაჭვონ გაჯეტებს, მეტია, ვინაიდან გარდატეხის ასაკამდე მშობლებთან ურთიერთობა ბავშვებისთვის პრიორიტეტია. თუკი მშობელი ამას ახერხებს, გაჯეტი მისი კონკურენტი ნაკლებადაა. საერთოდაც, კვლევები აჩვენებს, რომ ვისაც ბავშვობაში მშობლებთან გულთბილი, წრფელი, მეგობრული ურთიერთობების დეფიციტი აქვს, გაჯეტს უფრო მეტად ის არის მიჯაჭვული. გარდატეხის ასაკში, უკვე თანატოლების ფაქტორია მნიშვნელოვანი, რადგან მოზარდი მიისწრაფვის თავის ასაკობრივ კატეგორიაში თავის დამკვიდრებისთვის და მშობლების გარემოში უფრო ნაკლებად უნდა ყოფნა. რა თქმა უნდა, მშობელთან ურთიერთობა ყოველთვის საჭიროა, მაგრამ 12-13 წლიდან ფოკუსშია მოქცეული თანატოლებთან ურთიერთობა. იმ მშობლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ამ სპეციფიკისთვის ფეხის აწყობას, ვერ უგებენ შვილებს, რომლებიც მეგობრებთან კონტაქტს ამჯობინებენ, ურთულდებათ შვილებთან ურთიერთობა და დისტანცირების მანძილიც უფრო იზრდება.
რაც შეეხება კორონავირუსის პერიოდს და გაჯეტებთან კიდევ უფრო მეტ მიჯაჭვულობას, პრობლემის თავიდან აცილების შანსი ჩნდება იქ, სადაც მშობელი ახერხებს შვილთან მეგობრობას და კონტაქტში ბუნებრივად ქმნის გაჯეტთან ურთიერთობის ალტერნატივას. თუკი მშობელს შეუძლია ახალგაზრდისთვის საინტერესო და მიმზიდველ აქტივობებში ჩაერთოს, თუკი შენარჩუნებული აქვს მეგობრული დამოკიდებულება და აქვს უნარი, რაც არ არის იოლი, აჰყვეს შვილს, მისი ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში პრობლემა ნაკლებია. დღეს, როდესაც მშობლები გადარჩენისთვის იბრძვიან, ამგვარი დატვირთვისთვის უფრო ნაკლები ადამიანია მზად.
ვაღიაროთ, რომ ვიმყოფებით კრიზისში, რომელსაც უნდა გავუძლოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა პლანეტამ. ეს კრიზისი ჩაივლის, თითოეულ მშობელს კი სასიცოცხლო აქტუალობა უდგას, რომ შვილს კეთილგანწყობილი, მეგობრული გარემო შესთავაზოს. ზოგადად, ადამიანები და მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა ასეთ ვითარებაში საკმაოდ მძიმდება და თითოეული ადამიანის დაუღალავ სწრაფვას პოზიტივის შექმნისაკენ დიდი მნიშნელობა აქვს.
საინფორმაციო სტრესი კორონავირუსის დროს – პირველი ტალღისას, ყველა ითვლიდა დაავადებულების რაოდენობას, ახლა თითქოს ეს ტენდენცია შემსუბუქდა. სრულად ამ ამბავს ვერ დააიგნორებ, როგორ უნდა გაცხრილო არასასიამოვნო ინფორმაცია?
ყოველგვარი უკიდურესობა ნეგატიურ შედეგის წინაპირობაა. არც პანიკაა სიკეთის მომტანი და არც არხეინობა. პირველი ტალღის დროს, გაზაფხულზე, როდესაც საქართველოში ვირუსის გავრცელება კონტროლის ქვეშ იყო და საინფორმაციო წყაროები „დამაშინებელ“ გზავნილებს ავრცელებდნენ, ადამიანები მეტ სიფრთხილეს იჩენდნენ. თანდათან ეს საინფორმაციო წნეხი შენელდა და ადამიანებიც გარკვეულწილად ადაპტირდენენ საფრთხესთან. შედეგად, ზაფხულის პერიოდში მოდუნდნენ და ისეთი მასობრივი თავყრილობები მოაწყეს, რომ შედეგმაც არ დააყოვნა და შემოდგომიდან მძვინვარე მეორე ტალღის ქვეშ მოვყევით.
ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ზომიერი და ოპტიმალური დამოკიდებულება ჰქონდეთ იმის მიმართ, რასაც ვერ შეცვლიან, ბუნებრივია, ფუჭ პანიკასა და ღელვას ასცდებიან. უნდა ვაკეთოთ ის, რაც რეალურად შეგვიძლია – დავიცვათ რეგულაციები, რომლებიც პრევენციისთვის არის დადგენილი. შფოთვისა და პანიკის დროს, პროდუქტიულობა იკლებს, შინაგანი ღელვა კი იმუნური სისტემისთვის სერიოზული დარტყმაა. შფოთვით არაფერი იცვლება. უბედურება ისაა, რომ ხშირად, ადამიანები ემოციებს ვერ მართავენ და რაციონალურად უჭირთ საკითხებისადმი მიდგომა. სირთულეები უფრო მეტად მას ემუქრება, ვინც ფუჭ ღელვას არის აყოლილი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ფინანსური კრიზისი და უმუშევრობა, ისეთ სერიოზულ განსაცდელში აგდებს ადამიანებს, რომ ხშირად რაციონალურად აზროვნების უნარსაც აკარგვინებს.
სტრესმა შეიძლება უფრო მეტად დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა, ვიდრე კონკრეტულმა ინფექციამ?
სტრესი გამოწვევაზე ორგანიზმული რეაქციაა, რომელიც ადამიანისთვის თავისთავად არ არის დამაზიანებელი, არამედ ხშირად პიროვნული ზრდის წინაპირობას ქმნის – რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო, ნათქვამია. გამოწვევა, რომელსაც ადამიანი ვერ უმკლავდება, არის დისტრესი. ვინც პასიურია, დინებას მიყოლილი, უსუსურად გრძნობს თავს გამოწვევების წინაშე და ვერ ახერხებს საკითხების გადაჭრაზე ორიენტირებული განწყობით მოქმედებას, დისტრესში აღმოჩნდება, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მთლიან ორგანიზმზე.
ზოგად რჩევას გაგვიზიარებთ დისტრესთან გასამკლავებლად?
მნიშნელოვანია, ადამიანმა განასხვავოს, თუ რა არის მასზე დამოკიდებული და რა – არა. „მე“-ს საზღვარი გადის თავისუფალ ნებასა და არჩევანზე. არჩევანი კი, პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. ხშირად, ადამიანები გაუცნობიერებლად, ისეთ რამეზე იღებენ პასუხისმგებლობას, რაც მათზე არ არის დამოკიდებული, ან სხვისი არჩევანის საკითხია და შემდეგ, ფუჭად ღელავენ და იტანჯებიან. ანუ, პირველ რიგში გასაცნობიერებელია, რა არჩევანი მაქვს მე, რადგან რასაც ავირჩევ, იმას „დავთესავ.“ ის, რაც ჩემზეა დამოკიდებული, მასზე მაქვს არჩევანი გასაკეთებელი და ამაზე ვარ პასუხისმგებელი. შემდეგი ნაბიჯია გადაწყვეტილების მიღება, რაც ალტერნატივების „აწონ-დაწონვის“ შედეგად უნდა მოხდეს. გასააზრებელია, რა მიღირს და რამდენად, რასაც ქართულ ენაში „მიზანშეწონილი“ გადაწყვეტილება ჰქვია.
არიან ადამიანები, ვინც თავიდანვე ხელჩაქნეულია და თავისივე უიმედობისა და პესიმიზმის გამო დარწმუნებულია, რომ მცდელობას არ აქვს აზრი, ანდა უკვე ეცადნენ და რახან შედეგი ვერ მიიღეს, ბრძოლის გაგრძელებას უაზროდ მიიჩნევენ. ასეთი პოზიციაც არჩევანია და გასაცნობიერებელი ის არის, რომ ხელჩაქნეული ადამიანი, მიღებულ გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი. ასეთ კონდიციაში მყოფთ, შევახსენებდი ცნობილ ქართულ გამონათქვამს „ცდა ბედის მონახევრეა“, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სრული ჭეშმარიტებაა, სწორედაც აქტუალურ პრობლემასთან კონტაქტი, პირისპირ დადგომა და შეხება არის სამყაროში ცვლილების მომტანი და არსებული პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. თუკი ადამიანი თავის შფოთვასა და ღელვას მოქმედებაში გადაიტანს, თავს დაეხმარება და მოგებული დარჩება.
ნინო მურღულია