განათლების სისტემაში ახალი, გერმანული მოდელის დანერგვით, სამწლიანი პროფესიული კოლეჯის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს მეოთხე წელს უმაღლესი განათლებისა და ბაკალავრის წოდების მიღებაც შეეძლება. შესაბამისი ცვლილება კანონში შევა, რომელიც განათლების სამინისტროს უკვე მზად აქვს.
როგორც რადიო ”ფორტუნასთან” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, კანონში შესატანი ცვლილებით, მოიხსნება ის დაბრკოლება, რომელიც პროფესიული განათლების მიღების შემდეგ სტუდენტს უმაღლესი განათლების მიღებას უზღუდავდა. მინისტრის მოადგილის თქმით, გერმანული მოდელი, დასაქმებულზე და შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული მოდელია. ახალგაზრდებს მიეცემათ შანსი, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ მათთვის საინტერესო კონკრეტულ სფეროში და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაღალი შანსიც ჰქონდეთ.
გერმანული მოდელი, განათლების სისტემაში სწორედ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებას და მის განვითარებას ითვალისწინებს იმ პროფესიების მიხედვით, რომელიც ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება და რომელ პროფესიებსაც საქართველოს შრომის ბაზარი ითხოვს.
გიორგი შარვაშიძის თქმით, შრომის ბაზრის კვლევამ გამოკვეთა ის კონკრეტული პროფესიები, სადაც დამსაქმებლის მოთხოვნის მიუხედავად, პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. მაგალითისთვის, ვეტერინარია, ინჟინერია, ტექნოლოგია და სხვა. სამინისტრო სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ამუშავებს იმ პროფესიების ჩამონათვალს, რომლის დაუფლებაც გერმანული მოდელის დანერგვის შემდეგ, მსურველებს შეეძლებათ.
როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული პროფესიული განათლება, სადაც სამწლიანი სწავლების შემდეგ მსურველებს ბაკალავრის წოდების მიღების საშუალებაც აქვთ, ახალგაზრდების დასაქმებისა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
