“პროკრედიტ ბანკმა” 2017 წლის შედეგები შეაჯამა – ბანკის სათავო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ”პროკრედიტ ბანკის” მენეჯმენტი: ალექს მატუა, ქეთევან ხუსკივაძე,დავით გაბელაშვილი და ნათია თხილაიშვილი.
შეხვედრაზე განხილული იქნა ბანკის ბიზნეს სტრატეგია, მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმები. როგორც ბანკის მენეჯმენტში აცხადებენ, ”პროკრედიტ ბანკის” საქმიანობის ძირითადი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა. 2017 წლის საკრედიტო პორტფელის ზრდა 15%-იანი ნიშნულით განისაზღვრა, რამაც წლის დასაწყისში დასახულ მოლოდინებს გადააჭარბა.
ალექს მატუა, ”პროკრედიტ ბანკის” დირექტორი: “ჩვენს სამიზნე ჯგუფად კვლავ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები რჩება. მიგვაჩნია, რომ ამ სეგმენტის განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებას. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან საკრედიტო რესურსის მოზიდვის მიზნით. ბიზნეს სესხებზე გაგვაჩნია ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასი. გვაქვს ბიზნესების თანადაფინანსების პროგრამა – “Co-Finance”, რომელსაც “პროკრედიტ ბანკი გერმანიასთან” ერთად ვახორციელებთ. ამ პროგრამის ფარგლებში ბიზნეს პროექტების დაფინანსება კიდევ უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთშია შესაძლებელი. გასულ წელს EU4Business ინიციატივის ფარგლებში ”პროკრედიტ ჰოლდინგსა” და EIB ჯგუფს შორის პირველი საგარანტიო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც მცირე და საშუალო საწარმოებისთვის თითოეულ სესხზე 70%-იან გარანტიის გაცემას, დაფინანსების ხელსაყრელ პირობებს და გირაოზე შემცირებულ მოთხოვნას გულისხმობს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ერთ მსგავს დაფინანსებაზე, რაც ასევე მალე გახდება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის”.
გერმანული ბანკის მორიგი ინოვაციური წამოწყება სრულიად განსხვავებული მომსახურება, ე.წ Direct banking-ია. სერვისი განკუთვნილია ფიზიკური პირებისათვის და გულისხმობს საბანკო მომსახურების მიღებას ელექტრონული სერვისების გამოყენებით. მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, დისტანციურად მართოს საკუთარი ანგარიშები, ყოველთვიური ფიქსირებული ტარიფის გადახდით განახორციელოს სასურველი საბანკო ტრანზაქციები უფასოდ და ისარგებლოს ექსკლუზიური პირობებით ისეთ სასესხო პროდუქტებზე, როგორიცაა იპოთეკური სესხი, საინვესტიციო სესხი და ოვერდრაფტი.
ნათია თხილაიშვილი, ”პროკრედიტ ბანკის” დირექტორი: “ცხოვრების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, მომხმარებელს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება იმისათვის, რომ ესტუმროს ბანკის ფილიალს, მომსახურების მისაღებად იდგეს რიგში, დაემთხვიოს ბანკის სამუშაო საათებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია რომ საბანკო მომსახურება იყოს კომპლექსური, მუდმივად ხელმისაწვდომი, მარტივი და იაფი. სწორედ ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ჩვენი ფიზიკური პირი კლიენტებისთვის, შეგვეთავაზებინა ყველაზე მარტივი და სწრაფი მომსახურება, რაც მთლიანად ერთ სერვისში, ე.წ Direct bankng-ში გავაერთიანეთ. დისტანციური არხების მრავალფეროვნებით და მათში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებით ჩვენ დავფარეთ საბანკო ოპერაციების 99%, რომელთა განხორციელებაც უკვე ხელმისაწვდომია კლიენტისათვის დამოუკიდებლად, სასურველ დროსა და სივრცეში”.
ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებიდან ერთი წლის შემდეგ,”პროკრედიტ ჰოლდინგმა” 61 მილიონი ევროს მობილიზება თითქმის 5.4 მილიონი ახალი აქციების განთავსებით განახორციელა, რამაც კომპანიის სააქციო კაპიტალი 10%-ით გაზარდა. ახალი აქციები, ძირითადად, განთავსდა ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
შეგახსენებთ, ”პროკრედიტ ბანკი” საქართველო ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან არის წარმოდგენილი. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ”პროკრედიტ ბანკი” საქართველო არის საერთაშორისო ”პროკრედიტ ჯგუფის” წევრი, რომლის დამფუძნებელია ”პროკრედიტ ჰოლდინგი”. ”პროკრედიტ ჯგუფი” ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპასა და გერმანიაში. სერთაშორისო სარეიტინგო FITCH RAITING-ის მიერ პროკრედიტ ბანკს მინიჭებული აქვს “BB” რეიტინგი, რაც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში და ერთი საფეხურით მაღალია ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე.