LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა: დაკავებული ტაქსის მძღოლის მიმართ სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო არ მიმდინარეობდა – მან მგზავრები უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და 500 ლარის გადახდა მოსთხოვა

68
ფორტუნმა

პროკურატურა სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას უწოდებს ტაქსის მძღოლის ადვოკატების განცხადებას, რომელსაც გუშინ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ტაქსის მძღოლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო არ მიმდინარეობდა.

დაკავებული ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუს ტურისტებს უკრაინული სიმღერები ასმენინა და გომბორზე დატოვა, გაამართლეს

უწყების ცნობით, ტაქსის მძღოლმა ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთ სასტუმრომდე მიიყვანა და მათ აპლიკაციაში მითითებული თანხის, 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარის გადახდა მოსთხოვა. პროკურატურის ინფორმაციითვე, მათ მგზავრებმა პოლიციაში მისვლა და გაუგებრობის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს, თუმცა, მძღოლმა ისინი მათი ნების საწინააღმდეგოდ, ჩაკეტილი კარებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ორი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატების სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოსდა, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას – 23 ლარს.

აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა.

ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები.

ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ.

2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.

აქვე ვაცხადებთ, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს.

მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g