LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულების პატიმრობას ითხოვს

76
პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ბრალდებული 3 პირის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მედიაზე თავდასხმაში ბრალდებული 7 პირიდან 3-ის სასამართლო პროცესი დღეს უნდა შედგეს

ამის შესახებ პროკურორმა თამარ იაკობიძემ ისაუბრა და თქვა, რომ მოთხოვნა მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხით არის დასაბუთებული:

“მოთხოვნა დასაბუთებულია მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხით. წარდგენილი ბრალდება არის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით, ასევე დევნა ძალადობით და ძალადობის მუქარი.” – თქვა იაკობიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, პროკურატურამ “პრაიდის” მოწინააღმდეგეების მიერ, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზ.ჭ-ს, ზ. მ-ს და მ.დ-ს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.

უწყების ცნობით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარედგინათ. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.

magti 5g