პროკურატურამ ახალგაზრდა მასწავლებლის, მოკლული გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ საქმეში ბრალდებული სამი პირის მონაწილეობით სხვა დანაშაულებრივი ფაქტებიც გამოავლინა – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა.
თბილისის პროკურორის განცხადებით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, ჯგუფური ძალადობა რამდენჯერმე დააორგანიზეს, შეთანხმდნენ სისტემატურად მოეხდინათ ასეთ პირთა შერჩევა, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ ისინი შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ.
„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლინდა სხვა დანაშაულებრივი ფაქტები:
ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, ჯგუფური ძალადობა დააორგანიზეს, ისინი შეთანხმდნენ სისტემატურად მოეხდინათ ასეთ პირთა შერჩევა, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ ისინი შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ.
გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ჯგუფური ძალადობის მიმდინარეობას ისინი კამერაზე აფიქსირებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ მიზნობრივ ჯგუფებში“, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმითვე, სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
„ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ახლად გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტებში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“, – განაცხადა თბილისის პროკურორმა.
