საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს,რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 01 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.