2025 წლის 1 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტში, ცოლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
„თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
