LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ რუსთავში, მეუღლისა და სიდედრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

111
Capture

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში მეუღლისა და მეუღლის დედის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლესა და მეუღლის დედას, რომლებიც, ჩვილ ბავშვთან ერთად, საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდნენ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სანადირო თოფიდან მრავალჯერადი გასროლით, გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის “ბ”, “თ”, “კ” და “ლ” ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები