საქართველოს პროკურატურამ, ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შალვა მელიქიშვილს ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, შ.მ.-მ, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა. შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადეობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა.
თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. შ.მ. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500.000 ლარი და 500.000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა.
სამართალდამცველებმა შ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.