საქართველოს ბანკის თავდასხმაში ბრალდებულმა პირმა თავი დამანაშავედ სცნო. ამის შესახებ განცხადებას მისი ადვოკატი აკეთებს. ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, შალვა მელიქიშვილი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და შეღავათის გაწევას ითხოვს.
ადვოკატი აცხადებს, რომ შალვა მელიქიშვილმა ბანკში შეჭრა, ბანკის ვალის გამო გადაწყვიტა, რის გამოც მისი ბინის გაყიდვას აპირებდნენ.
რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რომელიც მელიქიშვილს ბანკზე თავდასხმისას ჰქონდა, ადვოკატის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ ხელყუმბარა ნამდვილია.
„წარედგინა ბრალი და არ გამოუყენებია დუმილის უფლება. მან სრულად დაადასტურა გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება. სრულად სცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, მოინანია და ითხოვს გარკვეული შეღავათის გაწევას. მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა „თიბისი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო.
ხელყუმბარა ნამდვილია. განმარტა, რომ 7 წლის წინ ალაზნის ჭალაში იპოვა ჩანთა, რომელშიც იდო ხელყუმბარა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. როგორც მე გამიგია ეს ასაფეთქებლები თევზჭერისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვერ გეტყვით, ეს სპეციალური კვლევის საგანია. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ის იმყოფებოდა თუ არა შეურაცხად მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენის დროს. ამასთან, ვერაფერს გეტყვით ბრალის გადაკვალიფიცირებაზე. სამი მუხლით აქვს ბრალდება წარდგენილი და როდესაც მტკიცებულებები სრულად შეიკრიბება, მერე შესაძლებელია მოხდეს გადაკვალიფიცირება ან სასამართლო განხილვის დროს. როგორც ბრალდებული ამბობს, თავიდან ნახევარი მილიონი დოლარი მოვითხოვეო და ჩავთვალე, რომ ნახევარი მილიონი ლარიც უნდა მომეთხოვაო, იმიტომ, რომ ლარიც საჭირაო“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.