ჩვენ გვაქვს დიდი და მეგობრული ოჯახი, ზუსტად ისეთი, როგორზეც მე და ჩემი მეუღლე ვოცნებობდით. ჩვენ გვყავს ბევრი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ სითბოში, სიყვარულსა და მზრუნველობაში, – ამის შესახებ ტრეფიკინგში ბრალდებულის მეუღლემ იური სუსლიაკმა განაცხადა.
როგორც სუსლიაკმა ჟურნალისტებთან „სკაიპით“ საუბრისას განაცხადა, ის აფხაზეთში ოჯახზე ადრე ჩავიდა, რადგან წინასწარ ეპოვნა სახლი და სამსახური.
იგი უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც მისი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელდა, მათ შორის ინფორმაციას ბავშვის შესაძლო გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით. იური სუსლიაკის თქმით, ატეხილი სკანდალი მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის მხრიდან „უტიფარმა ტყუილებმა“ გამოიწვია. იური სუსლიაკი საქმის პროკურორის თეა გიორგაძის მიმართ სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან სუსლიაკის თქმით, პროკურორი, მის ოჯახს „ჩირქს სცხებს“.
„26 აპრილს მოხდა საშინელი შემთხვევა – სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორი, ოფიციალური პირი, გამოვიდა და გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია. პროკურორი ირწმუნებოდა, რომ მათ ჰქონდათ დოკუმენტაცია, ერთგვარი მტკიცებულება, რომელიც მათ მოიპოვეს უცხოეთიდან და ამტკიცებს ერთ-ერთი ბავშვის გაყიდვას. პროკურორის რწმუნებით, ეს ფაქტი გახდა მიზეზი ბრალის წაყენების ჩემი მეუღლის მიმართ. ეს არის უტიფარი ტყუილი, რადგან პროკურატურას მსგავსი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ასევე პროკურორმა თქვა, რომ ბავშვის გარდაცვალების ცნობა არ არსებობს, ესეც უტიფარი ტყუილია. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მსგავს რაღაცებს პროკურორი შეგნებულად ამბობს. პროკურორი ჩირქს გვცხებს და მე, საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ!“ – განაცხადა იური სუსლიაკმა.
ტრეფიკინგში ბრალდებულის მეუღლე გავრცელებულ ინფორმაციასაც უარყოფს, რომლის თანახმად, მის მიმართ უკრაინაში საქმე აღიძრა და ძებნაში იმყოფება. ამის საპასუხოდ იური სუსლიაკმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ყოველივე მისი კონკურენტების მხრიდან აგორებული ე.წ. შავი პიარის ნაწილია.
