გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოების ნაწილი დღეს პარლამენტთან გააპროტესტებს, აქცია, რომელიც 14 საათზე გაიმართება, „ფეისბუქით” დაიგეგმა.
„4 თებერვალს 14:00 საათზე ვიკრიბებით თბილისში პარლამენტის შენობის წინ, რათა გავაპროტესტოთ პარლამენტარ გოგი თოფაძის ის დისკრიმინაციული გამონათქვამი, რომელიც მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. შემოგვიერთდით ყველა.
ასევე, ვთხოვთ ყველა ჟურნალისტს, რომ მხარი დაგვიჭიროთ,“ – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან გუშინ განუცხადა, რომ მან „ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა“.
„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება, მინდა მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი.”, – განაცხადა თოფაძემ გამოსვლაში, რომლის დასრულების შემდეგ ტაში დარბაზში მხოლოდ გიორგი მარგველაშვილმა დაუკრა.