LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, უკვე მე-7 დღეა შიმშილობენ“ – ომბუდსმენის ცნობით, უსინათლოთა კავშირის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევის ნიშნები იკვეთება 

85
უსინათლოთა კავშირი

სახალხო დამცველის აპარატში საქართველოს უსინათლოთა კავშირის განათლების, კულტურისა და სპორტის ცენტრიდან 12 პირის გათავისუფლების კანონიერების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, საქმის წარმოება მიმდინარეობს.

ომბუდსმენის განცხადებით, საქმე შესწავლის ეტაპზეა, თუმცა უსინათლოთა კავშირის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის კანონმდებლობით გარანტირებული შრომითი უფლებების დარღვევის ნიშნები იკვეთება.

სახალხო დამცველისთვის ასევე ცნობილია, გათავისუფლებულმა თორმეტმა პირმა დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით, შესაბამისი სარჩელებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომლებიც მიღებულია წარმოებაში, თუმცა მოცემული საქმეების განხილვა და მათზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული.

ომბუდსმენის ცნობით, გათავისუფლებულთა უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელთაგან სამმა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართა და ისინი უკვე მე-7 დღეა საქართველოს უსინათლოთა კავშირის შენობაში შიმშილობენ, რაც, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უკიდურესი საფრთხის შემცველია.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლებელია საკითხი ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოშიმშილეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს მიმართავს, რათა პოზიციების კონსტრუქციული შეჯერებისა და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით,  შეთანხმებას გათავისუფლებულთა შრომითი უფლებების აღდგენის თაობაზე ურთიერთმოლაპარაკებით მიაღწიონ.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ უფლებამოსილი პირები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას, საკითხის „სენსიტიურობას“ და უმოკლეს დროში ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ხელს გათავისუფლებული პირების უფლებების დროულად აღდგენასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფუნქციონირების ნორმალურ რეჟიმში გაგრძელებას შეუწყობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g