LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური გაძვირდა – კომპანიებმა ფასები 10-15 თეთრით გაზარდეს

4-5

პურის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდა. გაძვირების მიზეზად, პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.

„იფქლში“ აცხადებენ, რომ ფქვილზე ფასების მატების შედეგად, ყველა სახეობის პურზე ფასი 10 თეთრით დააკორექტირეს.

„დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო.

რამდენიმე თვის განმავლობაში „იფქლი“ ფქვილის არსებული მარაგებისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე, პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი, კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა,“ – განაცხადეს კომპანიაში „ფორტუნასთან“.

მათივე თქმით, გაძვირებულია ის იმპორტული საშუალებებიც, რომლებიც პურპროდუქტების წარმოებისთვის აუცილებელია, მათ შორის შესაფუთი მასალები, დაზგა-დანადგარები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე საწვავი და სადისტრიბუციო მანქანები.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში გაზრდილი ენერგომატარებლების ფასიც, განსაკუთრებით გაზის ტარიფი, გარკვეულ გავლენას ახდენს პურის თვითღირებულებაზე.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანია „იფქლმა“ ყველა დასახელების პურზე ფასი მხოლოდ 10 თეთრით გაზარდა. ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად,“ – აცხადებენ „იფქლში“.

რაც შეეხება მომავალში ფასების კიდევ უფრო ზრდას, “იფქლში ამბობენ, რომ ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა მათივე თქმით, თუ ხორბალზე არსებული ფასი გაიზრდება, პურის ფასის კიდევ უფრო გაზრდა გამორიცხული არ არის.

“ბუნებრივია, მთლიანად ვართ დამოკიდებული ბაზარზე არსებული ხორბლის ფასზე და მომავალში მისი მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში ფასების დაკორექტირებაც შესაძლოა საჭირო გახდეს. ამ ეტაპზე ამის დანამდვილებით თქმაც და უარყოფაც ჩვენთვის რთულია. გააჩნია რა სიტუაცია იქნება,” – აცხადებენ კომპანიაში.

ნახეთ ამავე თემაზე, “ფორტუნას” თემა: “ლარსის გადაკეტვა პურს ვერ გააძვირებს” – რა შემთხვევაში მოიმატებს პურის ფასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები