LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პურის გაძვირების შემდეგ, სხვა პროდუქტებიც ძვირდება – რა შედეგები მოჰყვება 2019 წელს აქციზის ზრდას

237790575

10-15 თეთრით გაძვირებული პურის შემდეგ, ფასის მატება სხვა პროდუქტებზეც იგეგმება – მომავალი წლიდან ალკოჰოლი და თამბაქო კიდევ უფრო გაძვირდება. ამის მიზეზი კი, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადის მომატებაა, რაც პროდუქციის ფასზეც ადეკვატურად აისახება. აქციზის ზრდის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.

საქართველოს ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 2017 წელს 1450 მილიარდ ლარს შეადგენდა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი იგივე დარჩა, თუმცა მომავალი წლისთვის ზრდა 55 მილიონი ლარის ფარგლებშია და მთლიანობაში 1505 მილიარდ ლარს შეადგენს.

ეკონომისტები განმარტავენ, რომ აქციზის ზრდას ბიზნეს დანახარჯების და ტვირთის გაზრდაც ლოგიკურად მოჰყვება, რაც ბიზნესისთვის ყოველმხრივ წამგებიანი იქნება.

 

აქციზი იზრდება – რამდენად შეფერხდება ბიზნესის განვითარება?!

 

საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დებულება კიდევ 12 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მასში ცვლილების შეტანა კი, იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პარლამენტის ¾ მაინც დაუჭერს ცვლილებებს მხარს. პარლამენტის მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში, დებულება გაუქმდება.

აქციზის გაზრდის გადაწყვეტილება, სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო, რომ იძულებულ მდგომარეობაში იყო.

„ჩვენს ქვეყანაში აქციზს საკმაოდ მაღალი წილი უკავია. შედარებისთვის გეტყვით, რომ ჩვენთან აქციზის წილი გადასახადებში დაახლოებით 15%-ია, აშშ-ში – 8,5%. საქართველოში მომხმარებელი უფრო მეტ თამბაქოს ეწევა, ვიდრე – ლუდს მოიხმარს. ჩვენს ბიუჯეტს ასეთ შემთხვევაში არანაკლებ 350 მილიონი ლარი დააკლდებოდა, ფასგაზრდილი პროდუქტის მოხმარება დაბალი რომ იყოს. ლოგიკურად, როცა ფასები აქციზის ხარჯზე იზრდება, იქ მომხმარებლები ამცირებენ მოხმარებას, ჩვენთან კი ასე არ ხდება. ჩვენთან მაღალი სამომხმარებლო სექტორიდან გადადიან დაბალზე,“ – განმარტავს სოსო არჩვაძე „ფორტუნასთან“.

ეკონომიკის დოქტორი, რამაზ გერლიანი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ საგადასახადო დანახარჯის ზრდით ბიზნესი შეფერხდება, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეს ყველაფერი საბოლოოდ მომხმარებელთან მიმართებაში, ფასებში აისახება.

„როგორც კი მომხარებელთან მიმართებაში ფასი იზრდება, კანონზომიერია, რომ პროდუქტი ნაკლებად იყიდება. ნაკლები გაყიდვები ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ბიზნესს შეაფერხებს,“ – ამბობს გერლიანი.

ეკონომისტები ამბობენ იმასაც, რომ საგადასახადო ტვირთი თანაბრად არ გადანაწილდება მაღალ, საშუალო და დაბალშემოსავლიან ფენაზე. თუმცა, გაზრდილი აქციზი უფრო მეტად რა სექტორს დააზიანებს, ამაზე სფეროს ექსპერტები ვერ თანხმდებიან. რამაზ გერლიანის თქმით, აქციზის გადასახადი ძირითადად, მაინც უფრო საშუალო და მაღალშემოსავლიან ფენას შეეხება.

„მაგალითად, საწვავთან მიმართებაში ყველა დაბალშემოსავლიანი მოქალაქე ნაკლებს ჩაასხამს ან ამ ფენის წარმომადგენლებიდან ყველას არ ჰყავს მანქანა და ა.შ. ამიტომ ასე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი უფრო მეტად მაინც საშუალო და მაღალშემოსავლიან ფენას „დაარტყამს“. დიდი მასშტაბის ეფექტის მქონე ბიზნესი უფრო მდგრადად დახვდება დანახარჯების ზრდას. ის, ვინც ახლოს არის თვითღირებულებასთან და უფრო ნაკლებია მისი მოგება, რასაკვირველია, მისთვის უფრო მძიმე იქნება ამ ტიპის ხარჯის ზრდა. დიდი მოგების მქონე ბიზნესს ხარჯი ნაკლებად დააწვება, იგივე ხარჯი კი მცირე მასშტაბის ბიზნესისთვის, ცხადია, უფრო მძიმე იქნება,“ – ამბობს რამაზ გერლიანი.

ეკონომისტთა მეორე ნაწილის აზრით კი, ვინაიდან აქციზი არაპირდაპირი გადასახადია, ეს ყველა მომხმარებლისთვის თანაბარი ეკონომიკური პრობლემა იქნება, იმის მიუხედავად, რა შემოსავალი აქვს მას.

 

ლუდი VS თამბაქო – რომლის რეალიზაცია შემცირდება?!

 

აქციზის გადასახადის მომატების შედეგად, სფეროს ექსპერტები უფრო მეტად ბაზარზე ლუდის ბიზნესისთვის უარყოფით ზეგავლენას აანონსებენ. თამბაქოზე კი ამბობენ, რომ აქციზის შედეგად მისი მოხმარება შესაძლოა, ოდნავ შემცირდეს ან მომხმარებელმა შეიძლება მასობრივად გადაინაცვლოს დაბალი ღირებულების თამბაქოზე.

„ლუდის დიდი ნაწილი საქართველოში იწარმოება, ხოლო თამბაქო – გარედან შემოდის. სწორედ ამიტომ ცვლილებები ლუდის ბიზნესს უფრო დაარტყამს, რაც ქვეყნისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება,“ – ამბობს რამაზ გერლიანი.

სოსო არჩვაძე ორი წლის წინ ლუდზე აქციზის ფასის 20 თეთრით მატებას იხსენებს და „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ფაქტმა მაშინ საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით 15 მილიონი ლარით შეამცირა. კიდევ ერთ აქციზს, ეკონომისტის შეფასებით, შესაძლოა ამ პროდუქტის რეალიზაციის შემცირება მოჰყვეს შედეგად.

„ლუდი შედარებით დაბალელასტიური საქონელია და მისი ჩანაცვლება ხდება ბევრი სხვა საქონლით, მათ შორის, ქართული ტრადიციული ღვინით, საოჯახო წარმოებით. ამიტომ აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმიტომ, რომ მაღალი აქციზის საფუძველზე მეტი შემოსავლის მიღების სურვილმა საერთოდ არ შეამციროს მისი რეალიზაცია და აქედან – საბიუჯეტო შემოსავლებიც,“ – განმარტავს არჩვაძე.

რაც შეეხება საწვავის ბიზნესს, ეკონომისტების თქმით, თუ საერთაშორისო ბაზარზე ბარელზე ნავთობის ღირებულება კლებადი ტენდენციის იქნება, შესაძლებელია, ღირებულებამ თვალსაჩინოდ არ მოიმატოს. თუ უცვლელი დარჩა, რასაკვირველია, აქციზის გადასახადი საწვავის ღირებულებას გააძვირებს, ხოლო თუ ბარელზე ფასის ზრდის ტენდენცია იქნა, რასაც დაემატება აქციზის გადასახადის შედეგად მიღებული ფასის ზრდა, ასეთ შემთხვევაში, საწვავზე ფასის მკვეთრ ზრდას უნდა ველოდოთ.

გარდა აქციზის გადასახადის მომატებისა, 10 დეკემბერს ენერგეტიკის და გაზის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განიხილეს. ცვლილებები მსხვილი კომპანიებისთვის ელექტროენერგიაზე დაწესებულ სატარიფო შეღავათებს აუქმებს და ისინი დენს თავისუფალ ბაზარზე, უშუალოდ გენერაციის ობიექტებიდან, იმპორტით ან საბითუმო მიმწოდებლისგან შეისყიდიან, შესაბამისად, ტარიფს ბაზარი დაარეგულირებს. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის დეპუტატი რევაზ არველაძეა, რომელიც ამბობს, რომ ცვლილება თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას ემსახურება და ტარიფის ცალსახა ზრდას არ გამოიწვევს. ფასები კი, ერთის მხრივ, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებზე, ხოლო მეორე მხრივ, თავად კომპანიების ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ამ განმარტების მიუხედავად, მსხვილი კომპანიები შიშობენ, რომ ეს ცვლილება მათ ელექტროენერგიას გაუძვირებს და საქმიანობაზე უარყოფითად აისახება.

თათია კაკიაშვილი

mazda magti 5g