მოსკოვში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთში ახალი წევრების ხარჯზე, რადგან რუსეთის საზღვრებთან ნატოს შემდგომი გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ აღმოსავლეთით ახალი წევრებით ნატო-ს გაფართოების. ჩვენთვის საერთო საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს შემდგომი გაფართოება ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, მაგრამ ნატო მოდის ჩვენკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას არ შეესაბამება“, – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე ისაუბრა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას.
„ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ან საქართველოს ალიანსში მიღებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ ვიცით, არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. ამ შემთხვევაში მე მაქვს კითხვა, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში“, – დასძინა პუტინმა.
ცნობისთვის, ბოლო თვეებში რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა.
დასავლეთის სახელმწიფოები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს, რასაც კრემლში უარყოფენ.