„რაც შეეხება Patriot-ს, ეს საკმაოდ ძველი სისტემაა. ის ისე არ მუშაობს, როგორც, მაგალითად, ჩვენი С-300. მით უმეტეს, ისინი, ვინც გვეწინააღმდეგებიან, იქიდან გამომდინარეობენ, რომ თითქოსდა ეს თავდაცვითი იარაღია“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ უკრაინა ამერიკისგან Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მიიღებს.
როგორც პუტინმა აღნიშნა, „ამას მხედველობაში მიიღებენ და ანტიდოტს ყოველთვის იშოვიან.“ კრემლის ლიდერის თქმით, ისინი [უკრაინელები] ამას ტყუილად აკეთებენ, რადგან ეს მხოლოდ კონფლიქტის გაჭიანურებაა და უკრაინაში Patriot-ების განთავსება რუსეთისთვის დიდი პრობლემა არ იქნება, რადგან მათაც გაანადგურებენ.
„ახლა ამბობენ: შეიძლება იქ [უკრაინაში] Patriot-ები განათავსონო. კეთილი, განათავსონ – Patriot-ებსაც „გავატკაცუნებთ“. შემდეგ Patriot-ის ნაცვლად სხვა რამის განთავსება გახდება საჭირო, საჭირო იქნება ახალი სისტემების შემუშავება.
ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, ყველაფერი ასე მარტივად არაა. ამას ვითვალისწინებთ, ყველაფერს ვითვლით, რას აჩენენ, საწყობებში სად და კიდევ რამდენი აქვთ, რამდენი დარჩათ, რისი წარმოება შეუძლიათ, რა ვადებში, როგორ შეუძლიათ პერსონალის მომზადება.“ – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ცნობისთვის, აშშ უკრაინას არა მხოლოდ Patriot-ის სისტემებს გადასცემს, არამედ სამხედრო პერსონალის მომზადებაშიც დაეხმარება.