რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც საშობაოდ, უკრაინაში ერთი დღით ცეცხლი უნდა შეწყდეს, უკრაინაში საშობაო ხაფანგს და ტყუილს უწოდებენ.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ, საეკლესიო მსახურებას არ დაესწრონ, რადგან არის ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა ტაძრებში ტერორისტული თავდასხმები განახორციელონ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, რუსმა სამხედროებმა ხერსონში სახანძრო სამსახურის შენობა დაბომბეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთის სიტყვა ყოველთვის პრიმიტიული ცინიკური მოტყუებაა:
„6 იანვარი. საჰაერო განგაში მთელს უკრაინაში. ბავშვები ცივ ბომბსაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგურს თავს დაესხნენ. ეს არის რუსული „ზავის“ არსი – ზურგში დარტყმა და დუმილის იმიტაცია.
ასე რომ არასოდეს… არასოდეს მიიღოთ სერიოზულად რუსეთის სიტყვები, ეს ყოველთვის პრიმიტიული ცინიკური მოტყუებაა“, – აღნიშნულია პოდოლიაკის „ტვიტში“.
6 січня. По всій Україні повітряна тривога. Діти в холодних бомбосховищах. У Херсоні атаковано пожежну станцію. Це сутність російського «перемир’я». Вбивати у спину, імітуючи тишу.
Тож «Ніколи»…
Ніколи не сприймайте слова Росії серйозно. Це завжди примітивний цинічний обман.— Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 6, 2023
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რუსეთს, ომის ცხრა წლის განმავლობაში ერთხელაც არ შეუსრულებია ზავის პირობები.
მისივე თქმით, რეალურად ცეცხლი მხოლოდ მაშინ შეწყდება და აგრესიაც დასრულდება, როდესაც რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გავლენ.
ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არსებობს ინფორმაცია, შობას რუსებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებში ტერორისტული თავდასხმები განახორციელონ.
ირინა ვერეშჩუკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, საეკლესიო მსახურებას არ დაესწრონ.
ცოტა ხნის წინ, შესაძლო ტერაქტების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმაც.
მისი განცხადებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული „საშობაო ზავი“ მორიგი ტყუილი და ხაფანგია:
გთხოვთ, ეკლესიებში, საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავი შეიკავოთ. რუსებმა, შესაძლოა, ტერაქტები დაგეგმონ. ზოგადად, ამ დღეებში, თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებზე ყოფნისგან ! თავს გაუფრთხილდით“, – წერს სერჰი გაიდაი.
რუსეთის „საშობაო ზავს“ გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.
როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ტყუილი და თვალთმაქცობაა, როგორც აბსურდული რეფერენდუმები:
„არსებობს აგრესორი, ეს არის კრემლი და მსხვერპლი: უკრაინელი ხალხი. მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად რუსეთის ძალების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა. ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ტყუილი და თვალთმაქცობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსია და მათი თანმხლები რეფერენდუმები“, – აღნიშნულია შარლ მიშელის „ტვიტში“.
There’s an aggressor: the Kremlin. And a victim:the Ukrainian people. Withdrawal of Russian troops is only serious option to restore peace & security. Announcement of unilateral ceasefire is as bogus & hypocritical as the illegal & grotesque annexations and accompanying referenda
— Charles Michel (@CharlesMichel) January 5, 2023
შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდეს.