პანდემიის მიუხედავად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზრისადმი ინტერესი მზარდია.
„ავიანიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელია ქალაქები, საიდანაც თბილისის მიმართულებით ყველაზე მეტი რეისი სრულდება და ამ კითხვით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ს მიმართა. გაირკვა, რომ თბილისის მიმართულებით ყველაზე მეტი რეისი სტამბოლიდან ხორციელდება. TAV Georgia-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენები კვირაში 29 სიხშირით სრულდება, მეორე ადგილზე კიევია კვირაში 18 სიხშირით, მესამეზე კი თელ-ავივი.
რაც შეეხება ზაფხულის თვეებს, ფრენების სიხშირეები იზრდება. უფრო კონკრეტულად, ივლისიდან სტამბოლსა და თბილისს შორის, რომელიც საქართველოსათვის ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული მიმართულებაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოსახვედრად, ფრენები კვირაში 39 სიხშირით შესრულდება, კიევიდან 21 სიხშირით, თელ-ავივიდან კი 31 სიხშირით.