LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის უფლება თუ დანაშაული – აიკრძალება თუ არა აბორტი საქართველოში

1832
orsulobistesti

„ბავშვი ჩაისახება თუ არა, ის არის ადამიანი, მისი მოკვლა უნდა ისჯებოდეს კანონმდებლობით,” – ეს სიტყვები დეკანოზ დავით ისაკაძეს ეკუთვნის. პარლამენტში დეკანოზმა აბორტის აკრძალვის საკითხი დააყენა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტს განიხილავდნენ. დეკანოზი მიიჩნევს, რომ შესაბამისი აკრძალვა ბავშვის უფლებათა კოდექსში უნდა ჩაიდოს.

კომიტეტზე გამოთქმულ ინიციატივას წინ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა უძღოდა, სადაც საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები ჩანასახისთვის მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსის მიენიჭების აუცილებლობაზე მსჯელობდნენ. საპატრიარქოს წარმომადგენლები საკითხს განიხილავენ, არა როგორც ქალის, არამედ როგორც ბავშვის უფლებას.

 

“მთელი საზოგადოება, მათ შორის ავტორიტეტული უფლებადამცველებიც კი, დუმან ბავშვის უფლებებზე. შესაბამისად, ეკლესია ამწვავებს, ააქტიურებს, განგაშის ზარებს ტეხავს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ შეიძლება. უნდა იქნეს აღიარებული ჩანასახის, როგორც მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსი,” – განაცხადა სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, მამა გიორგი ფირცხელანმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბორტზე სასაუბროდ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, სოფიო კილაძე და მარიამ ჯაში.

 

რას ამბობს კანონმდებლობა და რას ფიქრობენ პარლამენტში

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბავშვს სიცოცხლის უფლება დაბადების შემდეგ ეძლევა. საქართველოში აბორტი სამედიცინო საკითხია და ის 12 კვირამდე დასაშვებია.  

აბორტის აკრძალვისას საუბარი შეეხება ერთის მხრივ, ნაყოფის უფლებას – დაიბადოს თუ არა და მეორეს მხრივ, დედის უფლებას – მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ პირად ცხოვრებაზე.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ აბორტის აკრძალვის ინიციატივაზე პოზიციის დაფიქსირება უჭირს. დეპუტატს ვკითხეთ, როგორ განიხილავს საკითხს – არის ეს ქალის თუ ბავშვის უფლება, რაზეც რატი იონათამიშვილის ამბობს, რომ ჯერ დოკუმენტი უნდა ნახოს.

„წინადადებას ყოველთვის აქვს თავისი არგუმენტები, რასაც სჭირდება განხილვა. გულწრფელად მინდა გითხრათ, წინადადება ნებისმიერ საკითხზე შეიძლება იყოს ძალიან მომხიბვლელი, მაგრამ ჩვენ უნდა წავიკითხოთ დოკუმენტი, ამის ვალდებულება გვაქვს და არა იმის, რომ წინადადების მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. მე უსაგნო საუბარი არ მიყავს, მიყვარს როცა ხდება გაცნობა და განხილვა,“ – ამბობს რატი იონათამიშვილი.

 

როგორია საერთაშორისო გამოცდილება და რას ამბობს არასამთავრობო სექტორი

საერთაშორისო კონვენციებით აბორტის საკითხი რეგულირებული არაა და ქვეყნები ამას შიდა კანონმდებლობით არეგულირებენ. თუმცა, ევროპული საერთაშორისო კონვენციით, ჩანასახს მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. როგორც “საიას” იურისტი ნიკოლოზ სიმონიშვილი ამბობს, ეს სტატუსი ჩანასახს არც ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კოდექსით აქვს მინიჭებული.  

 

„სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციითაც და ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კოდექსითაც წარმოიშვება დაბადების მომენტიდან და მას იქამდე სტატუსი არ აქვს. ერთადერთი უფლება რაც აქვს, ეს არის მემკვიდრეობის უფლება, თუმცა, ესეც პირობითია, არ არის აბსოლუტური და დამოკიდებულია დაბადებაზე.  

ევროპის ქვეყნებში ეს რეგულირებული საკითხია და დიდ ნაწილში დაშვებულია აბორტი, გამონაკლისია ირლანდია. დანარჩენი ქვეყნები ამას შიდა კანონმდებლობით არეგულირებენ,“ – აღნიშნავს ნიკოლოზ სიმონიშვილი.

იურისტი ამბობს, რომ ქალის ამ უფლების შეზღუდვა უკანონო აბორტებს გაამრავლებს და მას მძიმე სამედიცინო შედეგები მოჰყვება. ასე ფიქრობს კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელიც. ბაია პატარაიას მაგალითად ახლახანს, არგენტინაში მომხდარი შემთხვევა მოჰყავს, როცა აბორტის აკრძალვის გამო, 11 წლის ბავშვმა, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი იყო, იმშობიარა. ქალთა უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ აბორტების შემცირება ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, თუმცა, ეს უნდა მოხდეს განათლების გზით, რადგან აკრძალვას ეფექტი არ ექნება და მძიმე შედეგებს მოიტანს ქალთა ჯანმრთელობის კუთხით.

 

„აბორტის აკრძალვა არ ნიშნავს რეალურად აბორტის გაქრობას, რადგან ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მისი გაკეთება, ის მაინც იკეთებს ამას და იკეთებს იატაკქვეშ, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.

შესაბამისად, თუ ვინმეს სურს აბორტის შემცირება, მაშინ, პირველ რიგში, სექსუალური განათლება უნდა მისცენ ადამიანებს, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, როგორ დაგეგმონ ოჯახი, ჰქონდეთ ინფორმაცია კონტრაცეფტივების შესახებ, თუ რომელი როგორ მუშაობს და ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არ ღირდეს ძალიან ძვირი. ეს შეამცირებს აბორტების რაოდენობას,“ – აღნიშნავს ბაია პატარაია.

დღეისათვის სკოლებში ბავშვები სექსუალურ განათლებას არ იღებენ. თუმცა, იგეგმება, რომ მე-9 და მე-10 კლასში სასწავლო პროგრამას დაემატოს ინფორმაცია არასასურველი ფეხმძიმობისგან თავდაცვის საშუალებებზე, აბორტის შედეგებზე, რეპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკასა და ადრეულ გამოვლენაზე.

mazda magti 5g