შანხაიში ქალმა ქმართან ჩხუბის შემდეგ უნიკალური Porsche 918 და Ferrari GTC4Lusso დაამტვრია. ჩინელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ოჯახური წყვილი პარკინგზე BMW 3-Series მოდელით გადაადგილდებოდა, როცა გაბრაზებულმა ცოლმა სედანი Ferrari–ს დააჯახა. იტალიურმა სუპერქარმა კი იქვე მდგომი სუპერჰიბრიდი Porsche მიჭყლიტა, მან კი თავის მხრივ Mercedes-Benz E 300 L დააზიანა. ყველაზე მარტივ შემთხვევაში ზარალი 4 მილიონ იუანს, ანუ 700 ათასამდე დოლარს შეადგენს.
ინციდენტის მიზეზები ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება. ცნობილია ის, რომ ავარია შანხაის მიწისქვეშა პარკინგზე მოხდა. თუკი სპორტქარების დაზიანებით ვიმსჯელებთ, დარტყმა ერთობ ძლიერი უნდა ყოფილიყო, BMW–ში უსაფრთხოების ბალიშებიც კი გაიხსნა.
Porsche 918 Spyder 918 ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვიდა, ამიტომ ასეთი სუპერჰიბრიდი 1 მილიონი ევრო ღირს. ორკარიანს ორივე მხარე დაზიანებული აქვს, ამიტომ შეკეთება მინიმუმ 400 ათასი ევრო მაინც დაჯდება. კიდევ 130 ათასი ევრო წყვილმა Ferrari GTC4Lusso–ს შესაკეთებლად უნდა გათვალოს.





