ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტში – „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები“( RiHEI).
თსუ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპული და ქართული უნივერსიტეტების (მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი – ჰალე, ვიტენბერგი; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი; ლოძის უნივერსიტეტი; თსუ; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობენ პროექტის დასახულ მიზნებსა და შესასრულებელ ამოცანებზე, არსებულ, ევროპულ გამოცდილებაზე და და დასახული მიზნების განხორციელების გზებზე.
„ევროპელი პარტნიორები პროექტში ასრულებენ მენტორისა და ექსპერტის როლს, ისინი უზიარებენ ქართულ უნივერსიტეტებს გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია, მეწარმეობრივი უნარების გაძლიერება, სტრატეგიული მართვა და ზემოქმედების შეფასება. ამ თანამშრომლობის შედეგად, ქართულ უნივერსიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები, მიიღონ მხარდაჭერა სტრატეგიული განვითარების გეგმების ჩამოყალიბებაში და ჩამოაყალიბონ მდგრადი საერთაშორისო პარტნიორობები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პროექტს სამი ძირითადი მიზანი აქვს:
1. საქართველოს უმაღლესი განათლების მოდერნიზაცია, ინტერნაციონალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა მომავალი თაობის შრომის ბაზრის აქტორებისთვის. ეს დაეფუძნება თანაბარ შესაძლებლობებს, გენდერულ სენსიტიურობას და მარგინალიზებულთა ჩართვას (მათ შორის, დაშორებული ტერიტორიების/სოფლის სტუდენტებისთვის უკეთესი სერვისების შექმნის გათვალისწინებით);
2. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გამოწვევების მოგვარება, რათა ისინი გახდნენ ზრდის, მდგრადი და პასუხისმგებლობიანი (ეკოლოგიურად, სოციალურად) ძალაუფლების მამოძრავებელი ძალა, სამუშაო ადგილებისა და საწარმოების შემქმნელი, რადიკალური გარდაქმნის მასტიმულირებელი.
3. გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან უმაღლესი სასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების, პერსონალის გაცვლის და მრავალეკოსისტემური ქსელის განვითარებით და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოტივირებით, ნებაყოფლობით დაუახლოვდნენ უმაღლეს განათლებაში ევროკავშირის სტანდარტებს და, ამავდროულად, ხელი შეუწყონ საზოგადოებათაშორის გაცვლასა და თანამშრომლობას, კულტურათაშორის ცნობიერებასა და გაგებას.
პროექტის კონკრეტული ამოცანებია:
1. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუნივერსიტეტო მმართველობის რეფორმა და მოდერნიზება;
2. სტუდენტური სერვისების და მწვანე კამპუსების გაძლიერება;
3. უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ერთეულების და პროცესების/სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც გაზრდის დაგეგმვისა და შეფასების ერთეულების შესაძლებლობებს და ეფექტურობას და უზრუნველყოფს უკეთეს მხარდაჭერას დისტანციური/სოფლის რისკის ქვეშ მყოფი სოციალური ჯგუფებისთვის;
4. მაღალი სიმძლავრის ციფრული პლატფორმის შექმნა, სადაც განთავსდება პროექტის აქტივობებით მიღწეული შედეგები, რომელიც შეიძლება იქცეს საქართველოს იმ უმაღლესი სასწავლებლების სერვის-ცენტრად, რომელიც დაინტერესებული იქნება გარდაქმნან თავიანთი დაწესებულება მდგრად და პასუხისმგებლობიან (ეკოლოგიურად და სოციალურად) უნივერსიტეტად.
ტრენინგები ტარდება პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის. საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ უნივერსიტეტები გარდაიქმნას ინკლუზიურ, ინოვაციურ და მეწარმეობრივად ორიენტირებულ დაწესებულებად; აგრეთვე, ჩამოყალიბდნენ მოტივირებული ახალგაზრდები, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ ქვეყანაში ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.