წელს პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველო ფართოდ იქნება წარმოდგენილი, ფესტივალზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ქართული დელეგაცია ჟუნალისტებს შეხვდება. პრესკონფერენცია ეროვნულ კინოცენტრში 12 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება და მას ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების ავტორები, ეროვნული კინოცენტრისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები დაესწრებიან.
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award მოსაპოვებლად, მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმი – ანა ურუშაძის “საშიში დედა” და მარიამ ხაჭვანის “დედე” იღებენ მონაწილეობას. ხოლო, სექციაში “პანორამა” ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი “სავარძელი”.
ფილმების ჩვენების პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” კინოფესტივალზე საქართველოს სტენდს წარადგენენ. ქვეყნის კინოგადაღებების კუთხით პოპულარიზაციისა და ქართული კინოს ჩინეთის ბაზარზე გატანის მიზნით გაიმართება არაერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული შეხვედრა.
საქართველო პეკინის საერთაშორსო კინოფესტივალთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს და იგი ფესტივალზე ყოველთვის ღირსეულად იყო წარმოდგენილი. შარშან კი ქართველმა კინემატოგრაფისტებმა პეკინში 10 მთავარი ჯილდოდან 4 მოიპოვეს: კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის “ლუკა” გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს. ფილმს “სხვისი სახლი” ასევე 2 პრიზი ხვდა წილად – საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა და რამდენიმე წელიწადში უკვე იქცა მსოფლიოს გამოჩენილი და წარმატებული კინემატოგრაფისტების თავშეყრის ადგილად.
ფესტივალი წელს 15-22 აპრილს გაიმართება.