LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ფილმის სცენარი მახსენდება… ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია რუსული სტილის პროპაგანდა… არც ერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება… რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს“ – როგორ აფასებს ოპოზიცია სუსის განცხადებას

175
ოპოზიცია

დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს.

სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, სუს-ის განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრალდებები აბსურდულია. მისი თქმით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ყალბი შიშით და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები

„აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რამაც განაპირობა დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ და სანქციების დაწესება მისი და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ კონგრესში მოვისმინეთ, რომ სწორედ მისი ანტიდასავლური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო განიხილება, მათ შორის, ფინანსური სანქციები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მცდელობა, რომ კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება უკიდურესად წარუმატებელი და ქართველი მოქალაქე გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამის საფუძველზე შეინარჩუნოს ხელისუფლება. ვფიქრობ, მე, როგორც პოლიტიკოსი, საერთოდ არ უნდა ვკონცენტრირდე იმ აბსურდულ ბოდვაზე“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდიაც.

აქუბარდიას თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც შსს მინისტრმა ჭიკაიძემ „საბურავების რევოლუცია“ დააანონსა, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ არ დასრულებულა:

„არც ერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება, მით უფრო მაშინ, როცა სუს-ის მიერ გადატრიალების დაანონსების გამო „ოცნებამ“ „შეკრების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ანტიდემოკრატიული ცვლილებებიც კი შეიტანა, რაც პრეზიდენტის ვეტოთი შეჩერდა. ამიტომ სუს-ის მიერ ახალი გადატრიალების თუ შეთქმულების თეორიების ანონსი, სადაც მათი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს უკრაინის სახელმწიფო სახელმწიფო სამსახურში არიან, ნიშნავს იმას, რომ სუს-ი გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებს აგრესორი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე სუს-ის განცხადების ნდობა რთულია, რადგან საზოგადოებამ ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ნახა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსი შინაარსის განცხადებას უკვე მერამდენედ ვკითხულობთ. იმისათვის, რომ სუს-ის განცხადებას ნდობა გააჩნდეს, საჭიროა ფაქტები და მტკიცებულებები. ნდობა ამის გარეშე ვერ იქნება. როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ახალი პროპაგანდისტული ხაზი – ჯერჯერობით ასე ჩანს. არსებობს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ არის ფაქტები და მტკიცებულებები – რაღაც პროპაგანდისტული ხაზი ლაგდება“ – განაცხადა დაუშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება შეთქმულების თეორიებს ეფუძნება.

„არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი სუს-ის მხრიდან, მაგრამ გლობალური ომის პარტიის ვერსიის შემდეგ ვალდებულები ვართ, ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, ეჭვქვეშ დავაყენოთ. უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ. ჩვენი პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა – რაც უფრო შეაშინებენ ხალხს საარჩევნოდ, მით უფრო შეუყვარდებათ – ასე ფიქრობენ ქართულ პოლიტიკურ ველზე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სუსი: „ვიძიებთ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

პრემიერი: „ევროკომისარმა ტერაქტთან დაკავშირებით გამაფრთხილა… ბოლო პერიოდში ორი ტერაქტი განხორციელდა, სლოვაკეთსა და აშშ-ში, ის გამოძიება, რომელიც სუსშია დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები აქტუალურია – გასაკვირი არაა, რომ ივანიშვილი იყო შესაძლო აქტის ადრესატი“

„იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ – გურამ მაჭარაშვილი

mazda magti 5g