LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფოლადის საწარმოს პროდუქცია შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს

95

შპს „Construction Service”-ის ფოლადის ნაწარმისა და ლითონკონსტრუქციების საწარმომ, სამთავრობო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ტექნოლოგიური გადაიარაღება შეძლო.

შპს „Construction Service“ ნაკეთობების აწყობასა და მონტაჟს ახორციელებს.

სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შედეგად განხორციელებული ტექნოლოგიური გადაიარაღების შემდეგ, კომპანიამ მოიგო ტენდერი, რომლის შედეგადაც იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას ლითონკონსტრუქციებით მოამარაგებს. ამჟამად საწარმოში აღნიშნული შეკვეთის შესრულება მიმდინარეობს.

კომპანია, რომელიც ევრო 4 სტანდარტის უახლეს საავტომობილო ამწეებს, კალათებსა და სხვადასხვა სამონტაჟო საშუალებას ფლობს, საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას 108 ადამიანს დაასაქმებს. ამასთანავე,  კომპანია სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

ამჟამად, საწარმოში დასაქმებული მუშახელი ფლობს სპეციალურ სერტიფიკატს, რომლის მიხედვითაც მათ აქვთ შესაძლებლობა ლითონის კონსტრუქციები ევროკავშირის ქვეყნებისათვის დაამზადონ.

შპს „Construction Service“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს. პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 360,000 ლარს შეადგენს.

კომპანია „Construction Service“ პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დაათვალიერეს.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ძალიან დადებითი შედეგი აქვს. მისი განცხადებით, მხოლოდ რუსთავში პროგრამის მხარდაჭერით არაერთი საწარმო გაიხსნა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. გარდა ამისა, კომპანია „Construction Service“-მა შეძლო, წარმატებული კონკურენცია გაეწია უცხოელი მიმწოდებლებისთვის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის ლითონკონსტრუქციებით მომარაგების ტენდერი მოიგო.

„შესაბამისად, შეკვეთა, რომელიც შეიძლებოდა გასულიყო ქვეყნის გარეთ და იქვე დამზადებულიყო, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით რუსთავში ევროპული სტანდარტით მზადდება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

magti 5g