პარიზში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 13 კომპანია მონაწილეობდა.

VinExpo Paris სამ დღეს გაგრძელდა და მასზე მსოფლიოს 40-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ქართულ ღვინოს პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები გაეცნენ.

გამოფენის პარალელურად, პარიზის გასტრონომიისა და სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტის სკოლის (Le Cordon Bleu) ენოლოგიისა და ღვინის მენეჯმენტის კურსის მსმენელებისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
