ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ელსელემა“ გერმანიაში საერთშორისო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ,,ელსელემა“ სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძემ, GIZ-ის წარმომადგენელმა და მისმა გერმანელმა კონსულტანტმა მოინახულეს. ვიზიტის მიზანს საფეიქრო ინდუსტრიისა და კომპანიის საექსპორტო პოტენციალის გაცნობა და მისი გაზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
როგორც ზვიად ქვლივიძემ განაცხადა, აღნიშნული კომპანია აქტიურად პარტნიორობს სახელმწიფო უწყებებთან. მისივე თქმით, ,,აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით იანვარში გერმანიაში დაგეგმილია საერთშორისო მიზნობრივი გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას სხვა კომპანიებთან ერთად ,,ელსელემაც“ მიიღებს.
,,მოგეხსენებათ, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ: ბიზნესის, ექსპორტის და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ამჟამად ვიმყოფებით კომპანია ,,ელსელემა“-ში, რომელიც ჩვენი აქტიური პარტნიორი და ბენეფიციარია, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ ექსპორტის გაზრდასა და სტაბილურობაში, რაც არამარტო კომპანიისთვის, არამედ ზოგადად საფეიქრო ინდუსტრიისთვის ახალ ევროსტანდარტებზე გადასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობაა“, – განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.
როგორც კომპანია ,,ელსელემას“ დირექტორმა ლევან მამასახლისმა აღნიშნა, ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კომპანიამ წელს იაფი კრედიტი აიღო, რის შედეგადაც ახალი თანამედროვე დანადგარები შეიძინა.
„პარალელურად, გერმანელ ექსპერტებთან ერთად თბილისისა და ლანჩხუთის ფაბრიკების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რათა საწარმოები ევროპის ბაზრის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ 260 ადამიანის დასაქმება იგეგმება, ხოლო ლანჩხუთში დაახლოებით 150 ადამიანი დასაქმდება. ექსპორტის თვალსაზრისით ვგეგმავთ, რომ ჩვენი კომპანიის ექსპორტმა წარმოები 50% შეადგინოს. რაც შეეხება გამოცდილებას, ვმუშაობდით ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის ,,მონკლერი“, ,,თვინ“ და ამასთანავე ,,კოტონთან“. ამჟამად კი შვეიცარიისთვის დამცავ ჟილეტებს ვამზადებთ“, -აღნიშნა ლევან მამასახლისმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის მიზნით ასევე ,,აწარმოე საქართველოში“ – ბიზნესის მიმართულებით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობას გეგმავს.