ქართული მარწყვის კომპანია „აგროსფეისი“ მალე საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება. სტარტაპის დაარსების იდეა 2020 წელს გაჩნდა. მარნეულის რაიონის სოფელ აზიზქენდში მოყვანილი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით არაერთ სუპერმარკეტშია ხელმისაწვდომი. კომპანიის დამფუძნებლები ახლა ინვესტორის მოლოდინში არიან და ექსპორტისთვის ემზადებიან. საქართველოში მარწყვის სასათბურე მეურნეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში „აგროსფეისის“ დამფუძნებელმა ნუცა სალუქვაძემ ისაუბრა.
როგორ გაჩნდა „აგროსფეისის“ დაარსების იდეა? რას მოიცავს თქვენი სასათბურე მეურნეობა? და რატომ მარწყვი?
მიხარია თქვენთან სტუმრობა, რადიო „ფორტუნაში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი გავატარე. რაც შეეხება „აგროსფეისს“, იდეა გაჩნდა კოვიდის პერიოდში 2020 წელს, როდესაც ჩაგვკეტეს სახლში და ვხუმრობთ ხოლმე, რომ ოჯახის წევრებმა გავიცანით ერთმანეთი, ვნახეთ, როგორია თანაცხოვრება, რადგან იქამდე ყველა ჩვენს საქმეებში ვიყავით ჩაფლული. ამ პერიოდში კი დაიბადა იდეა, რომ გაგვეკეთებინა სასათბურე მეურნეობა, რადგან ნაკლები რისკია, უფრო დაცულია მცენარე და ბიზნესურადაც, უფრო შემოსავლიანია, რადგან სეზონზე არ ვართ დამოკიდებული. სათბური გავაკეთეთ მარნეულის რაიონის სოფელ აზიზქენდში, რადგან ყველაზე მეტი მზიანი დღეა ამ ტერიტორიაზე. სათბური გაშენებულია 5500 კვადრატულ მეტრზე და ტერიტორია არის 3 ჰა. დარგული გვაქვს 57000 ნერგი და დაახლოებით, მოსავალი გვაქვს 70-80 ტონა. ყველაფერი გავთვალეთ მასშტაბზე, რომ შემოსავლები გვქონოდა იმისათვის, რომ კომპანიას ბაზარზე, სულ მინიმუმ, სტაბილურად ემუშავა.

რა გამოწვევებს წააწყდით დასაწყისში და როგორია შედეგები დღეს? რამდენად მიაღწიეთ იმ მიზნებს, რაც გქონდათ?
ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა, პირველ რიგში ის, რომ მცოდნე კადრები, ვისაც მარწყვზე უმუშავია ნაკლებად იყო საქართველოში, ვგულისხმობ აგრონომებს. კადრების გადამზადება, სათბურის აწყობა-გადაიარაღება საკმაოდ ბევრ სირთულეს წარმოადგენდა. სამწუხაროდ, საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, რომელიც სათბურს გააკეთებდა, ააწყობდა, ამიტომ ყველაფერი ჩამოვიტანეთ ისრაელიდან, კადრებიც გადავამზადეთ და და ჩვენც გადავემზადეთ. გათვლა გვქონდა პირველ ეტაპზე მხოლოდ ქართულ ბაზარზე, მაგრამ მოგვიწია, რომ ექსპორტზე მალევე დაგვეწყო ფიქრი იმიტომ, რომ 70 ტონის ნახევარსაც კი ქართული ბაზარი ვერ აითვისებდა. პირველი გამოწვევა ეს იყო, რომ რაოდენობრივად მარტო ამ ბაზარზე ვერ ვიმუშავებდით. ახლა გვაქვს გამოწვევა, რომ ვეძებთ ინვესტორს, რომელიც დაგვეხმარება რომ გავაფართოოთ ჩვენი მეურნეობა. ისევ მარწყვის მიმართულებით ვფიქრობთ გაფართოებას, რადგან ექსპორტზე საკმაოდ მოთხოვნადი ხილია მარწყვი და ფასიც კარგი აქვს. გვინდა რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ.
სასათბურე მეურნეობის ტექნიკურ მხარეზეც მოგვიყევით. რა უნდა გაითვალისწინოს მაგალითად დამწყებმა სტარტაპერმა, რომელსაც სურს სასათბურე მეურნეობის გაკეთება?
ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი, დაწყებული იმით, რომ ლოკაცია უნდა იყოს კარგად შერჩეული ისე, რომ არ ემთხვეოდეს ქარის ზონას, იყოს მზიანი ტერიტორია, უნდა უდგებოდეს დამხმარე შენობა-ნაგებობები, გათბობის ქვაბი, ჭაბურღილი, სველი კედელი. ჩვენ 9 თვის განმავლობაში ვიღებთ მოსავალს აქტიურად ამ ტექნიკური მახასიათებლების ერთობლიობით – სველი კედელი, მაჩრდილობელი ბადე. უწყვეტ რეჟიმში ციკლურად სულ ვიღებთ ამ ტექნიკური მახასიათებლებით მოსავალს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმარებისას ყველამ გაითვალისწინოს. ჩვენც ბევრი ადამიანის აზრი მოვისმინეთ და მერე როცა ლოკაცია ვნახეთ, მივხვდით, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო.

ახლა რა ეტაპზეა “აგროსფეისი”? სად იყიდება თქვენი მარწყვი?
განვითარების ახლა ეტაპზე გადავდივართ, გაფართოების და ინვესტორის მოძიების ეტაპზე ვართ, თუმცა ინვესტორის სურვილებსაც შეიძლება რომ მოვერგოთ. ჩვენი მარწყვი საქართველოში იყიდება თითქმის ყველა ჰიპერმარკეტსა თუ სუპერმარკეტებში, თითქმის ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღეს შეგვაქვს მაღაზიებში და დილიდან არის ხოლმე დახლებზე. ასევე, რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზე შეიძლება იხილოს მომხმარებელმა ჩვენი მარწყვი.
თუ გაქვთ უკვე მოლაპარაკებები კონკრეტულ ქვეყნებთან, სადაც შეიძლება თქვენი მარწყვი გავიდეს ექსპორტზე?
გვაქვს მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში და ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ უკვე ექსპორტი, რადგან მოსავალი საკმაოდ ბევრი გვაქვს. რადგან ამ ეტაპზე მარწყვი არასეზონურია, ვფიქრობთ რამდენიმე ქვეყანაზე, სადაც მოთხოვნადია, მაგალითად საუდის არაბეთი, დუბაი. ბოლო ეტაპზე ვართ, რომ დავიწყოთ რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტი.

რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და რა ღირებულებებია თქვენთან კომპანიაში?
სულ დასაქმებული გვყავს 15 ადამიანი, აქედან 14 არის ადგილობრივი ანუ მარნეულის მოსახლე, უმეტესად გვყავს ქალები, რაც ძალიან მახარებს. კადრების აყვანისას, განსაკუთრებული მოთხოვნა არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით, რომ შრომისმოყვარე უნდა იყოს და მოგვერგოს სამუშაო საათებზე. გადამზადებას ჩვენ უზრუნველვყოფთ, რადგან არის სტანდარტები, რომლებსაც ვიცავთ. ბევრი რაღაც არის ამ მხრივ გასათვალისწინებელი, არ უნდა შეეხონ ნერგს, მარწყვს, ამიტომ გადამზადებას და განვითარებას თვითონ კომპანია ახერხებს.

როგორც გამოცდილი ამ სფეროში, რას ურჩევთ დამწყებ სტარტაპერებს?
ვურჩევდი, რომ თავის მიზანს და სურვილს ბოლომდე მიჰყვნენ, რადგან ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო სასათბურე მეურნეობის გაკეთება და სრულად სოფლის მეურნეობაში გადასვლა. ასევე, შრომა, რადგან შრომის გარეშე არაფერი გამოდის. ორი სურვილი მექნებოდა, თავის მიზნებს ბოლომდე მიჰყვნენ და იშრომონ იმისთვის, რომ მიიღონ შედეგი, რომელსაც ელიან.
რა სიახლეებს შემოგვთავაზებს “აგროსფეისი” მომავალში? რას უნდა ველოდოთ?
გარდა ახალი ეტაპისა, ვფიქრობთ, მეურნეობის განვითარებას, შეიძლება ეს იყოს მარწყვი ან სხვა კენკრის მიმართულებით, თუმცა სხვა მეხილეობის დარგებსაც განვიხილავთ. გვაქვს შემოთავაზებები და ვნახოთ, ბოლომდე როგორ მივალთ. გვინდა, რომ მხოლოდ მარწყვზე არ ვიყოთ დამოკიდებული და გვინდა, რომ სხვადასხვა სფერო ვცადოთ. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა, მოვისმინოთ წინადადებები.