“ქართულმა ოცნებამ” დღეს წარადგინა ე.წ. შიდა კვლევების შედეგები, რომელსაც ოპოზიციაში აფასებენ.
პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მმართველი გუნდი დამთავრებულია, ამას ყველა პარტიის და საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა ნათლად მოწმობს და დღევანდელი კვლევაც, რომელიც მისი აზრით, კობახიძე-პაპუაშვილის კაბინეტებშია დაწერილი, არის პირდაპირ პასუხი, გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაზეც, რომელშიც “ქართულ ოცნებას” საგრძნობლად ნაკლები რეიტინგი აქვს:
“გადასარევად იციან, რომ ისინი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან 43%-იან მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ნიშნულს. ყველაფერი ნათელია, საზოგადოებამ კარგად იცის – “ქართული ოცნება” ვერ იღებს არა 43%-ს, არამედ ნაკლებსაც კი და ამის გამო გავარდნენ მართლაც ისტერიულად მიშელის შეთანხმებიდან. დღეს უნდათ, რომ თავიანთი სასურველი რეალობა მოგვახვიონ თავს, როგორც ვითომდა ობიექტური რეალობა. ამას ობიექტურ რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს, “ქართული ოცნება” არის დამთავრებული, ამას უკლებლივ ყველა პარტიის და საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა ნათლად მოწმობს და მე ვფიქრობ, დღევანდელი ვითომდა კვლევა, რომელიც ალბათ, დილით არის დაწერილი კობახიძე-პაპუაშვილის კაბინეტებში, არის პირდაპირ პასუხი, მათ შორის, გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაზე, სადაც საგრძნობლად ნაკლები რეიტინგი გააჩნია “ქართულ ოცნებას.” – თქვა გეგელიამ.
შეგახსენებთ, დღეს “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ე.წ. შიდა კვლევის შედეგები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული მოსახლეობის ხმები პარტიულ მონაცემებზე შემდეგნაირად გადანაწილდა – “ქართული ოცნება” – 46,3%, “ნაციონალური მოძრაობა”- 23,3%.