LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ პოზიციამ დანიელსონთან მოლაპარაკებების პროცესში მხარეები დააშორიშორა: სალომე სამადაშვილი

45
სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული. ენმ-ს წევრი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს აფასებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციამ მხარეები მოლაპარაკებების პროცესში დააშორიშორა.

„ვერ გეტყვით, ნაყოფიერი იქნება თუ არა ეს პროცესი, რადგან მთლიანად დამოკიდებული იქნება „ქართულ ოცნებაზე“, აქვთ თუ არა მათ სურვილი, რომ შეთანხმება შედგეს. რეალურად, კრისტინ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს შედეგი ვერ დაიდო, რადგან „ქართული ოცნების“ პოზიციამ მხარეები მოლაპარაკებების პროცესში დააშორიშორა,” – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” სალომე სამადაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ამ პროცესში განსაკუთრებული კონსტრუქციულობით გამოირჩეოდნენ. მისივე თქმით, ოპოზიცია ნამდვილად ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს.

თავისთავად ის, რომ დღეს ორი პოლიტპატიმარი პატიმრობაში რჩება და მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ, ვფიქრობ, ესეც ოპოზიციის მხრიდან ერთგვარი კომპრომისია. ამ მოლაპარაკებებში ჩვენი ამოცანა არის ის, რომ შევცვალოთ პოლიტიკური გარემო. საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად, წაართვეს შანსი, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლება შევცალონ,“ – აღნიშნა სამადაშვილმა.

მისი განცხადებით, ერთადერთი კომპრომისი, რაზეც შეიძლება ოპოზიცია წავიდეს, არის გზები –  მაგალითად, როგორ მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე და როგორ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სამადაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხებზე შეთანხმება შეიძლება.

 „რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმა. ვფიქრობ, „წითელი ხაზი“ ჩვენთვის გადის იქ, სადაც „წითელი ხაზი“ ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ცვლილებისთვის გადის. ჩვენი ამოცანა არ არის შეთანხმება, ჩვენი ამოცანა არის ამ შეთანხმების გზით, ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს შეცვლა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან დახმარება დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სხვა თვალსაზრისით არსებობს. სამადაშვილი იმედოვნებს, რომ დასავლეთი ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტებს გამოიყენებს, თუმცა, ის არ აკონკრეტებს, შეიძლება თუ არა ეს სანქციები იყოს.

ზოგადად, ყველანაირი უკუსვლა ცხადია, დასავლეთთან ურთიერთობაში თავის შედეგებს გამოიწვევს. პოტენციურად, ეს საკმაოდ დამაზიანებელია, პირველ რიგში, მმართველი გუნდისთვის, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დღეს, კვლავ  ქვეყანას მართავს. შესაბამისად, ცხადია, დასავლეთს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტები აქვს. იმედი მაქვს, ამ ბერკეტებს ისე გამოიყენებენ, რომ ქვეყანაში შეიცვლება პოლიტიკური გარემო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს საკითხის სენატში განხილვას, მისი თქმით, აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხის განხილვით საკმაოდ ბევრი სენატორია დაინტერესებული.

„ვფიქრობ, ჩვენ მოვისმენთ განცხადებებს, რომელიც იქნება ძალიან ღიად მხარდამჭერი საქართველოში დემოკრატიული სისტემის, დემოკრატიული მმართველობის. მოვისმენთ შეფასებებს, რაც შეეხება ქვეყანაში კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების პრობლემებს. დაველოდოთ, დანარჩენი უკვე მოსმენის დროს გამოჩნდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

magti 5g