პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებაში” პარტიულ სიებს ბიძინა ივანიშვილი ადგენს და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. გიორგი გახარიამ ამის შესახებ დღეს ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე არის განმსაზღვრელი და მის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ მოხვდება წინასაარჩევნოდ შედგენილ სიაში.
“რას ნიშნავს კვოტა?! ხალხნო, ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე. “ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმდჯომარე. რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სიაში, პარლამენტში, არჩევნების წინ, ვინ მოხვდება. ეს ნორმალურია. როდესაც განხილვა დაიწყება, მე როგორც გუნდის წევრი, ჩემს სათქმელს ვიტყვი. ჯერ არც დაწყებულა, ნუ ჩქარობთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
იქნება თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მიერ შედგენილ პარტიულ სიაში, პრემიერი ამბობს, რომ “ყველაფერი შესაძლებელია”. თუმცა, მისივე განმარტებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ამოცანები აქვს.
„არსად არ მივდივარ, აქ ვარ! ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები – ეს არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე, ადრეა. რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს საოპერაციო დონეზე გასაკეთებელი, არც გვიფიქრია ამაზე“ – აღნიშნა პრემიერმა.