LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეთანხმება ვერ შედგა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება და მიშელს ანგარიშს ჩააბარებს

140
კრისტიან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის.

„პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო. ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს“, – განაცხადა დანიელსონმა.

მედიატორის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება პოლტიკურ აქტორებს საშუალებას მისცემდა ყურადღება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაემახვილებინათ.

„მე ჩართული ვიყავი ინტენსიურ მოლაპარაკებებში ამ კვირაში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, მისი ვიზიტისა და შემოთავაზების შემდეგ, რომ ევროკავშირს მედიაციის როლი შეესრულებინა. ევროკავშირმა და აშშ-მ დიდი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევასა და საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებაში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება იქნებოდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ – ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას”, – აღნიშნა მედიატორმა.

დანიელსონი ამბობს, რომ ის საქართველოს 19 მარტს დატოვებს, რის შემდეგადაც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ანგარიშს ჩააბარებს. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები კონსენსუსს მიაღწევენ.

„ხვალ ვბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ შარლ მიშელს. ლიდერებზეა დამოკიდებული და მათზეა პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე რომელიც გასავლელია, და ექნებათ ნება იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რათა წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი და ეს პროცესი იყოს უფრო ნათელი. მჯერა, რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი”, – თქვა ევროპელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა 15:00 საათისთვის დაიწყო. მოლაპარაკებები 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციურ პარტიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g