LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პავილიონი ევროპული კინოს ბაზრობაზე

869
ევროპული კინო

ევროპული კინოს ბაზრობაზე, რომელიც ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 12-18 თებერვალს ტარდებოდა გერმანიის დედაქალაქში, ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნული პავილიონი წარადგინა.

„ამ დღეების განმავლობაში 60-ზე მეტი ინდუსტრიული შეხვედრა გაიმართა ცნობილ რეჟისორებთან, პროდიუსერებთან, საქართველოში კინოგადაღებით დაინტერესებულ პირებთან, ფესტივალების პროგრამერებთან, კინობაზრობების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ჩვენს დელეგაციაში წარმოდგენილნი არიან ქართველი რეჟისორები, პროდიუსერები და კინოფესტივალების პროგრამერები, რომლებიც თავის მხრივ მართავდნენ შეხვედრებს“, – განაცხადა ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა.

ვიზიტის განმავლობაში ქართულმა მხარემ ქართული კინოს პოპულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა ლოკარნოს, კარლოვი ვარის, შანხაის, ვენის საერთაშორისო ფესტივალების წარმომადგენლებთან, ასევე „ანესის“ ფესტივალის ბაზრობის დირექტორთან. ამასთან, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი აზერბაიჯანის კინოს სააგენტოსთან. მემორანდუმი ითვალისწინებს ქართველი და აზერბაიჯანელი კინოპროფესიონალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ ქართული ანიმაციის პროფესიონალებთან. საქართველოს აქვს ანიმაციის დიდი ისტორია და ჰყავს ძალიან ნიჭიერი პროფესიონალები, რომლებიც ყოველ წელს არიან წარმოდგენილი ანესის ფესტივალზე. მათი დასწრება ფესტივალზე და ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთნა მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის და მომავალში არაერთი საინტერესო ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად”, – აღნიშნა ფესტივალის ,,ანესი” მარკეტის დირექტორმა ვერონიკ ენკრენამ.

ევროპული გამოცემის „Film New Europe” დირექტორის ანა ფრანკლინის თქმით, მისი მეგობრობა საქართველოსთან და ქართულ ფილმთან დიდი ხნის წინ, სერგო ფარაჯანოვის, თენგიზ აბულაძის და სხვა ნიჭიერი ქართველი რეჟისორების შემოქმედებით დაიწყო, 2009 წლიდან კი თანამშრომლობა გაგრძელდა ქართველ პროდიუსერებთან და რეჟისორებთან. მან იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ქართულ კინოინდუსტრიასთან მომავალშიც წარმატებული იქნება და არაერთი ქართულ-ევროპული კოპროდუქციის შექმნა იქნება შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი შეხვედრების გარდა ევროპული კინოს ბაზრობაზე გაიმართა ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მთვარე მამაა ჩემი” კინოჩვენება. ევროპული კოპროდუქციის ნახვის შესაძლებლობა მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მიეცათ.

გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის ალექსანდრე კარტოზიას თქმით, საქართველოს მონაწილეობა ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე ამჯერადაც იყო ძალიან წარმატებული, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, ქართული ფილმის წარმატებული კინოჩვენება.

„ქართული ფილმი ცნობილია მთელ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, ქართულ კინემატოგრაფს ძალიან კარგად იცნობენ. დავსახეთ გეგმები იმისათვის, რომ თანამედროვე ქართული ფილმი ხელმისაწვდომი და ნაცნობი გავხადოთ გერმანელი მაყურებლისათვის“, – განაცხადა ელჩმა.

ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ევროპული კინოს ბაზრობა, ერთი კვირის განმავლობაში 140-მდე ქვეყნის დელეგაციებს და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g