LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების სათვალეები ესპანეთში გაიყიდება

739

ქართული, ნატურალური ხისგან დამზადებული სათვალეები, რომლებიც Bros eyewear -ის ბრენდის ქვეშ იქმნება,  ესპანეთში გაიყიდება.

როგორც ”ფორტუნას” Bros eyewear -ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა,  ირაკლი გამთენაძემ განუცხადა, მოლაპარაკებები ესპანურ ოპტიკურ ქსელთან მიმდინარეობს.

”რამდენიმე ნიმუში უკვე გადავაგზავნეთ ესპანეთში და ახლა ტენიკური დეტალების გარკვევა-დაზუსტება მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ჩვენი სათვალეების ესპანურ ბაზარზე გაყიდვა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყება”, – აღნიშნა გამთენაძემ.

მისივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე რომ სათვალეები ხელნაკეთია, ესპანეთში ექსპორტზე მცირე რაოდენობით გაიყიდება. გარდა ესპანეთისა,  Bros eyewear -ის ნატურალური ხის რამდენიმე სათვალე უკვე გაიტანეს ისრაელსა და გერმანიაში.

როგორც ბრენდის დამფუძნებელმა ”ფორტუნას” განუცხადა, სათვალეები გარდა იმისა რომ არის ხელნაკეთი და ორიგინალური, მათი ქიმიურად დამუშავება არ ხდება.

”სათვალეებს ვაკეთებთ ნატურალური ხისგან და ვუსვამთ ნატურალურ ზეთს. ჩვენთან ნახევრად დამუშავებული მასალა მოდის.  საქართველოში ძალიან კარგი მომწოდებლები არიან.  გვაქვს  ქართული ხის ჯიშებიც და არის ესპანეთიდან შემოტანილი მასალაც. რაც შეეხება ჩარჩოს, მას სხვადასხვა მასალისგან ვამზადებთ : კაკალი, ნეკერჩხალი, ბზა, წითელი ხე.  შესაძლებელია, სხვადასხვა მასალის კომბინაციაც. ვთქვათ, „ყური“ ერთი  ჯიშის ხისგან გავაკეთოთ, წინა ნაწილი – სხვა  ჯიშის ხისგან”, – განმარტა ირაკლი გამთენაძემ.

მისივე ინფორმაციით,  ამ ეტაპზე კომპანიას 5 მოდელი აქვს. სათვალეების გასაყიდი ფასი კი 240 ლარიდან იწყება.

ბრენდი Bros eyewear 2015 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები ძმები – ირაკლი და ლევან გამთენაძეები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g