LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველ მაყურებელთან შეხვედრას მოუთმენლად ველი” – თურქეთში მოღვაწე ქართველი მევიოლინე, ვერიკო ჭუმბურიძე ფესტივალ „ღამის სერენადებში“ მიიღებს მონაწილეობას

1404
ფორტუნა - 2023-08-10T143641.676

თურქეთში მოღვაწე ქართველი მევიოლინე, ვერიკო ჭუმბურიძე 2016 წელს ვენიავსკის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ტრადიციული საერთაშორისო კონკურსი პოლონეთში გაიმართა.  „ვერიკო მომავლის სუნთქვაა, რომელიც საკუთარ წარმოსახვით სამყაროს გვაზიარებს“, – აღნიშნა კონკურსის დირექტორმა ანჯეი ვიტუსკიმ.

წელს ვერიკო ჭუმბურიძე საქართველოში ფესტივალში „ღამის სერენადები“ მიიღებს მონაწილეობას.

ვერიკო ჭუმბურიძე რადიო „ფორტუნას“ მის წარმატებებზე ესაუბრა.

– ვენიავსკის კონკურსის გამარჯვებული ხართ.  რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ კონკურსში გამარჯვებამ?

– 2016 წელს, პოზნანში, (პოლონეთი), ჰენრიკ ვიენიავსკის საერთაშორისო კონკურსში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი პრესტიჟული სავიოლინო კონკურსია, მივიღე მონაწილეობა. მოვიგე პირველი პრიზი და ოქროს მედალი.  საშუალება მომეცა, მემუშავა დიდ მუსიკოსებთან და დირიჟორებთან, როგორებიც არიან მაქსიმ ვენგეროვი,
ლიზა ბათიაშვილი, სოლ გაბეტტა, ტაბეა ზიმერმანი,  კვატუორ ებინე, მარეკ იანოვსკი, დიმა სლობოდენიუკი და კიდევ ბევრ სხვა დიდ მუსიკოსთან. კონკურსში გამარჯვებამ  ჩემს კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

–  22 სექტემბერს ფესტივალ „ღამის სერენადებში“ მიიღებთ მონაწილეობას, ქართველ მსმენელს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეხვდებით..  ქართველ მსმენელს როგორ შეაფასებდით?  

– ყოველთვის მიხარია და ბედნიერი ვარ, როცა ჩემ სამშობლოში ჩამოვდივარ,  ორმაგად მიხარია, როდესაც კონცერტებში და ფესტივალებში ვიღებ მონაწილეობას. მიყვარს, როდესაც  კლასიკური მუსიკის მსმენელს სიამოვნებას ვანიჭებ. ქართველი მსმენელი ძალიან ემოციური და ენერგიით სავსეა. მსმენელის ერთი ნაწილი საკმაოდ ინტელექტუალური და რაფინირებულია.  ჩემ კონცერტზე უფრო მეტი აკადემიური პერსონალი მოდის, ვიდრე სტუდენტები. ჩემი ერთ- ერთი დიდი სურვილია, რომ მეტი ახალგაზრდობა და სტუდენტები მოდიოდნენ კონცერტებზე, რადგან მუსიკა და ხელოვნება მსოფლიოში საერთო ენაა და შესაბამისად, კონცერტზე დასწრება არ არის მხოლოდ მუსიკის გაგება, არამედ გრძნობებიცაა. კლასიკურ მუსიკაში ადამიანს შეუძლია, ყველანაირი ემოცია შეიგრძნოს.

–  რა ასაკში დაიწყეთ ვიოლინოზე დაკვრა?

– ვიოლინოზე დაკვრა 3,5 წლის ასაკში დავიწყე დედის, ლილი ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ძალიან ცნობილი მასწავლებელია  თურქეთში.

– თქვენი ვიოლინოს შესახებ გვიამბეთ..

– ჯოვანი გუადანინის მიერ 1756 წელს დამზადებულ ვიოლინოზე ვუკრავ, რომელიც გერმანული მუსიკალური ფონდის Deutsche Stiftung Musikleben-ის სახსოვარია. ამ ვიოლინოზე დაკვრის პრივილეგია 2016 წლიდან მაქვს.

– გამორჩეული კომპოზიტორი გყავთ?

– მე-19-ე, მე-20 საუკუნის კომპოზიტორებთან განსაკუთრებულად ახლოს ვგრძნობ თავს. ძალიან მსიამოვნებს შოსტაკოვიჩის, ჩაიკოვსკის, ბრამსის, შიმანოვსკის და მრავალი სხვა დიდი კომპოზიტორების სოლო ნაწარმოების და ანსამბლების შესრულება.

– „ღამის სერენადებზე“ თქვენს კონცერტს რა ემოციებით ელოდებით?

– ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფესტივალ „ღამის სერენადებში“ პირველად ვიღებ მონაწილეობას. ფესტივალზე დაკვრა, რომელიც ლეგენდარულმა ქართველმა მევიოლინემ ლიანა ისაკაძემ დააარსა, დიდი პატივის ჩემთვის. მოუთმენლად ველოდები ჩაიკოვსკის კონცერტის შესრულებას საქართველოს ფილარმონიულ ორკესტრთან და ბეატრიჩე ვენეცისთან ერთად 22 სექტემბერს, თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

– ბეატრიჩე ვენეცისთან კოლაბორაცია გექნებათ, რა მოლოდინები გაქვთ?

– მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია რეგულარულად ვუკრავ იტალიაში და მიმუშავია ბევრ იტალიელ მუსიკოსთან და ორკესტრთან, პირველად მიწევს ბეატრიჩე ვენეცისთან თანამშრომლობა. იტალიური მუსიკა ერთ-ერთი თვალსაჩინოა და ლიდერია მსოფლიოში, აქედან გამომდინარე იტალიელი ხალხი ხელოვნებისა და მუსიკის დიდი თაყვანისმცემელია
ჩემი და ბეატრიჩეს თანამშრომლობა საინტერესო და საკმაოდ ენერგიული თანხვედრა უნდა გამოვიდეს.

ვერიკო ჭუმბურიძე 1996 წლის 20 აპრილს თურქეთში დაიბადა, სწავლობდა თურქეთის კონსერვატორიაში, მოგვიანებით კი სწავლა ვენაში განაგრძო. არის უამრავი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. პირველი ჯილდოები მან 8-10 წლის ასაკში დაიმსახურა თურქეთსა და საქართველოში გამართულ მუსიკალურ კონკურსებში.

XV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 22 აგვისტოდან – 24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საიუბილეო თარიღი ექვსი დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება (ბორჯომი, ბათუმი, თბილისი).

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები.

წელს ფესტივალი „ღამის სერენადები” 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ გამორჩეული იქნება და უამრავ სიახლეს შესთავაზებს მელომანებს.

,,მეთხუთმეტე, საიუბილეო „ღამის სერენადებს“ მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეებით ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ გაიზარდა ჩვენი გეოგრაფიული არეალი და მასპინძელ ქალაქებს დაემატა და ფესტივალის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ქალაქი ბორჯომი. წლევანდელი ფესტივალი სწორედ ბორჯომში აიღებს სტარტს გალა-კონცერტით, შემდეგ კი ტრადიციულად გადაინაცვლებს ულამაზეს ბათუმსა და თბილისში.
მეორე უმნიშვნელოვანესი სიახლე გახლავთ ის, რომ ფესტივალის პარტნიორთა სიას დაემატა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში ერთ კონცერტს გამართავს” –  აღნიშნა „ღამის სერენადების“ დირექტორმა ნინა ცაგარელმა.

ბილეთები შეიძინეთ: tkt.ge-ზე

„დაუვიწყარი საღამოები ელით მელომანებს” – ფესტივალი „ღამის სერენადები“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები