LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუვიწყარი საღამოები ელით მელომანებს” – ფესტივალი „ღამის სერენადები“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

24
ლელა-მჭედლიძე-&-ნინა-ცაგარელი

24 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ფესტივალის „ღამის სერენადების“ დირექტორი ნინა ცაგარელი და მთავარი ვიოლინო, კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე სტუმრობდნენ, რომელთაც ფესტივალის წლევანდელ სეზონზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ნინა, წელს ფესტივალი 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ გამორჩეული იქნება და უამრავ სიახლეს შესთავაზებს მელომანებს,

– წელს ორი უმნიშვნელოვანესი სიახლე გვაქვს. პირველ რიგში, ფესტივალის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა – 22 აგვისტოს ბორჯომს დავუბრუნდებით გალა-კონცერტით, რომელშიც ექვსი სოლისტი, გუნდი და ფესტივალის ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ მიიღებენ მონაწილეობას, 24-25 აგვისტოს ბათუმში მოვაწყობთ კონცერტებს ჰეიონ პარკის, თათა ლიჩელის, ეილიკა ვუნშის და რიკარდო მარინელოს მონაწილეობით. ამასთანავე, ერთი თვის განმავლობაში გვექნება მასტერკლასები და ვორკშოპები. სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პარტნიორობაც, რისთვისაც დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ნიკოლოზ რაჭველს. 22 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენი სიამაყე ვერიკო ჭუმბურიძე და ძალიან ქარიზმატული იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი შესთავაზებენ პუბლიკას ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს – რე მაჟორს, 23 სექტემბერს ანტი სიირალა მოაწყობს საფორტეპიანო საღამოს რომანტიკული ნაწარმოებებით, 24 სექტემბერს კი, ლაურა მარზადორი დახურავს ფესტივალს, ვირტუოზი მევიოლინე ჩვენს ორკესტრთან ერთად შეასრულებს მოცარტის მესამე და მეხუთე კონცერტებს კონცერტმაისტერის ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით.

– ქალბატონო ლელა, ორკესტრს ყოველთვის დიდი როლი ენიჭება საფესტივალო ცხოვრებაში. რამდენად რთულია იყო პირველი ვიოლინო და კონცერტმაისტერი ერთდროულად?

– ორკესტრი ნებისმიერი მუსიკალური ღონისძიების, განსაკუთრებით ფესტივალის ხერხემალია, რადგან სწორედ მასზე მორგებით იქმნება პროგრამა და იმართება კონცერტები. „ღამის სერენადები“ ისტორიული ფესტივალია მრავალწლიანი გამოცდილებით. ძალიან საპასუხისმგებლოა ლიანა ისაკაძის დაარსებულ ფესტივალში მონაწილეობა და ძალიან ბევრს ნიშნავს როცა „საქართველოს ვირტუოზები“ გქვია. ორკესტრი ყოველთვის სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ფესტივალს, რადგან ერთის მხრივ, არაჩვეულებრივ სოლისტებთან თანამშრომლობს, მეორეს მხრივ, თავადაა სოლისტი, რადგან ურთულეს ნაწარმოებებს ასრულებს. ჩვენი ორკესტრი კამერულია, ამიტომ მისთვის სპეციალური რედაქციით იქმნება ნაწარმოებები, რითაც ძალიან ვამაყობთ.

– ფესტივალი ყოველთვის გამოირჩეოდა პრემიერების სიუხვით,

– გიორგი ისაკაძე ყოველთვის კრეატიულად უდგება ამ საკითხს და აუცილებლად საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. სამზადისი დიდი ხნის წინ დაიწყო, ამიტომ დაუვიწყარი საღამოები ელით მელომანებს, მით უფრო, რომ არეალიც გაფართოვდა, ძველი ტრადიცია აღვადგინეთ და ბორჯომს დავუბრუნდით. იმედია, მალე აფხაზეთშიც დავბრუნდებით, სადაც ფესტივალი დაარსდა.

– ქალბატონო ნინა, ფესტივალში ანსამბლი „ბორჯომიც“ მიიღებს მონაწილეობას. საინტერესოა, რა პროგრამას წარადგენთ ბორჯომში?

– ბორჯომში თაქთაქიშვილის ნაწარმოებებს შესრულდება ციკლიდან „მეგრული სიმღერები“. ამასთანავე, ანსამბლის ხელმძღვანელის გიორგი ბუგიანიშვილის შეთავაზებით კონცერტში გიორგი ონიანი და საბინე გროფმაიერიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ხშირად სტუმრობს საქართველოს, კარგად იცნობს ჩვენს ფესტივალს, ამიტომ პარტიტურების მომზადებაც საკუთარ თავზე აიღო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, ბორჯომის, თბილისის და ბათუმის მერიას, საელჩოებს, განსაკუთრებით გერმანიის და იტალიის საელჩოს, ჩვენს მასპინძელ სასტუმროებს – ბორჯომი ლიკანს და Hilton Garden Inn-ს თბილისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები