LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალზე: „ძალიან კარგი გამოხმაურება იყო თავიდანვე, კანის კინოფესტივალიდანაც… ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ფილმმა“

132
არტ-FM

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და მსახიობები კახაბერ ჭოლაძე და ნათია ნიკოლაიშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც ფილმის „გურია“ საერთაშორისო წარმატებაზე ისაუბრეს.


ფილმი „გურია“ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. როგორი იყო პირველი რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ ასეთი საოცარი ამბავი ხდებოდა თქვენს თავს?

კახა: ბათუმში ვიყავი, სპექტაკლი გვქონდა და ანტრაქტზე უცებ ტელეფონი რეკავს, დავხედე ლევანი რეკავდა, მაგრამ უცებ ვერ ვუპასუხე. შევედი სცენაზე, ვითამაშე ჩემი როლი, რომ გამოვედი, გადავრეკე. ლევანი მეკითხება, როგორ ხარო, კარგად, ლევან, ხომ მშვიდობა არის-მეთქი, ვუპასუხე, მშვიდობა კი არა, უნდა გაგახაროო… ვკითხე, რა უნდა გამახარო-მეთქი და მითხრა, ვენეციის კინოფესტივალზე არის წარდგენილი ჩვენი ფილმიო. იმხელა პაუზა გავაკეთე, კახა, ალო, არ ისმისო, მეძახდა… დავმუნჯდი, დაუჯერებელი იყო, ახლაც არ მჯერა. კიდევ ვერ გავაცნობიერე, სად მოვხვდი და მერე, სად მოვხვდები. ცოტა მიჭირს დაჯერება, რომ ფესტივალზე მომიწევს ჩასვლა.

ნათია: მეც სამსახურში ვიყავი და სამწუხაროდ, ვერ ვიღებდი ტელეფონს, ბატონი ლევანი რომ რეკავდა.

დაახლოებით, მეც დავმუნჯდი… რა თქმა უნდა, გამიხარდა. მერე, აზრზე მოვედი, მაგრამ დღემდე არ მჯერა.  

როგორი იყო ფილმის გადაღების პროცესი?

კახა: პირველი ჩემი მთავარი როლი სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში იყო ბატონ ლევანთან. იმდენად საინტერესო იყო სამუშაო პროცესი, რომ ნასიამოვნები იმით უფრო ვარ, რაც გადასაღებ პროცესზე მივიღე, ვიდრე ამ ამბებით, რაც გავიგე. ამის დაჯერება ალბათ რთულია მსმენელისთვის, იფიქრებენ, რას ლაპარაკობს ეს კაციო, მაგრამ მე დღემდე იმდენად მომყვება ეს სიამოვნება, სამუშაო პროცესიდან, იქ რაც ხდებოდა…

კინოზე სულ თითზე ჩამოსათვლელ რეჟისორებთან მაქვს ნამუშევარი, ბატონ ლევანთან იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს… სრულ თავისუფლებას გაძლევს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ჩარჩოებსაც, მაგრამ იმ ჩარჩოებში თავისუფლებას გაძლევს.

რა თქმა უნდა, ბევრი დუბლი გიწევს, რადგან ბევრ დუბლზე გამუშავებს და ეს მე ძალიან მსიამოვნებს, იმიტომ, რომ უკეთესი და უკეთესი უნდა რეჟისორს და შენც ახალს და ახალს აკეთებ და ინდივიდუალურად სხვანაირი გამოდის.

რაც შეეხება გუნდს, არაჩვეულებრივი გუნდი შეკრა. ურთიერთპატივისცემა, ყურადღება, სიყვარული, სითბო, ამას დამატებული ადგილობრივი მოსახლეობის, გურულების ყურადღება და სითბო, იმათმა სულ შეგვშალეს ჭკუიდან, ზოგი სახლში გვეპატიჟებოდა… ზოგმა თავისი ეზოდან დაკრეფილი ხილი მოგვართვა. ეს არის ჩემთვის მასტიმულირებელი, რომ უფრო სიღრმისეულად, უფრო ფესვებში დავინახო ჩემი ქვეყნის კუთხე, სადაც მე პატარა შემოქმედებით პროცესს გავდივარ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები და წამები.


ლევანი: კახა და ნათია არაჩვეულებრივი მსახიობები არიან. მიხარია, როცა მსახიობს როლი გამოსდის, ჩემთვის ეს წარმატების მთავარი ინდიკატორია და მგონი, ამ მხრივ ფილმი შედგა.

რაც შეეხება გადაღებებს, რთული გადაღებები იყო, დიდხანს გაგრძელდა, რადგან პაუზა იყო და გადაღება ორ ეტაპად გვქონდა. პირველი ნაწილის შემდეგ, დაახლოებით, წელიწად ნახევარი გვქონდა პაუზა, რადგან როდესაც გადაღებას ვიწყებდით, ბიუჯეტი მთლიანად არ იყო შეგროვებული და კერძო ფულის იმედი გვქონდა, რომელიც ბოლო მომენტში აღმოჩნდა, რომ არ გვაქვს. შესაბამისად, როცა გადაღებას ვიწყებდით, ვიცოდით, რომ ბოლომდე ვერ დავასრულებდით, მაგრამ ყველა ვარიანტში უნდა დაგვეწყო, რადგან ევროპული ფული იყო წარმოებაში, რომელიც იმ წელს უნდა დაგვეხარჯა. მოკლედ, ასეთი რთული პროცესი იყო.

ყოველთვის ჯობია, რომ ერთი ამოსუნთქვით გადაიღო ფილმი, ემოციურად ასე სჯობს ხოლმე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ იყო, გვქონდა დიდი პაუზა, თუმცა ეს დაგვეხმარა იმაში, რომ ეს გადაღებული მასალა დავამონტაჟე და მერე, დავდიოდი კარდაკარ, საქართველოშიც და უცხოეთშიც, სხვადასხვა ფონდებში… ვაჩვენებდი ფილმს და კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდით თანხებს, რომ მეორე ნაწილი გადაგვეღო. ამ დროს, ძალიან დაგვეხმარა „კულტურის სამინისტრო“, მთავარი დახმარება აქედან წამოვიდა…

რატომ მაინც და მაინც გურია, საიდან წამოვიდა იდეა?

ლევანი: მაინტერესებს საქართველოს კუთხეები, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო, მე წარმოშობით იქიდან ვარ, მართალია, იმერეთიდან, აჭარიდან, მაგრამ გურია სადღაც შუაშია და ემოციურად ვგრძნობდი და მაინტერესებდა.

მერე, წავიკითხე გიორგი კეკელიძის წიგნი – „გურული დღიურები“, დამაინტერესა ამ ფაქტურამ, 90-იანი წლების გურიის. შევხვდი გიორგის. გიორგის წიგნში არ არის სიუჟეტი, ამიტომ დავიწყე სიუჟეტის ძებნა, გადავედი გურიაში, რაღაც პერიოდი დავყავი, ისტორიებს ვაგროვებდი. მერე, ეს მოგროვებული ისტორიები 90-იანებიდან, თანამედროვე გურიიდან შევკრიბე და ჩავედი ჩემს სცენარისტთან, ბორის ფრუმინთან, რომელიც ამ დროს ლატვიაში იყო. მოვიფიქრეთ სიუჟეტი, რომელიც მერე, ბევრჯერ გადაიწერა.

გურია იმიტომ, რომ გურია არის რაღაცნაირად მინი მოდელი საქართველოსი. ჩვენ რომ ვფიქრობთ, რატომ გადავრჩით, როგორ გადავრჩით, რის ხარჯზე ვართ, რომ ვარსებობთ აქამდე, ამაზე ბევრი რაღაც არსებობს, ცხადია, მაგრამ რაღაც ადამიანურობის მომენტია, რომ გაჭირვების დროს, რაღაცების მიუხედავად ხალხი ინარჩუნებს ადამიანურობას, რთულ სიტუაციაშიც კი. ოღონდ, ეს არ არის იდეალიზებული, არავინ არის უნაკლო, მაგრამ რაღაც მარცვალი ადამიანობის, სიყვარულის რჩება და ეს არის ის, რაც გაძლებინებს. პლუს ამას, გურიის შემთხვევაში არის რაღაც საოცარი ნიჭიერება, ამას ემატება თვითირონია და იუმორის გრძნობა. ეს ყველაფერი ჩემთვის არის რაღაც ქართული ფაქტორები. გურია, ერთის მხრივ, არის  ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კუთხე საქართველოში და პლუს არის ძალიან ნიჭიერი და იუმორით სავსე. გურიას რომ ამბობენ, სულ ჰგონიათ, რომ კომედიაა და გურია არ არის კომედია, გურია დიდი იუმორია, მაგრამ ძალიან დიდი სევდაც. შესაბამისად, ამ ყველაფრის ნაზავია ჩვენს ფილმში…

რომელი სცენა იყო ყველაზე რთული გადასაღები?

ლევანი: ხანდახან, მარტივი სცენა გგონია და რთულად იღებ, რთული გგონია და მარტივად იღებ.

ნათიას და კახას კარგად ემახსოვრებათ სცენა, როდესაც ტალახში მიათრევდნენ მოქმედ გმირს. არაჩვეულებრივი, ნაზი, ლამაზი გოგონები ბოლომდე ტალახში ამოგანგლულები, კიდევ და კიდევ რომ იღებდნენ დუბლს და არ ჩიოდნენ, პირიქით, ეცინებოდათ და მონდომებულები იყვნენ, მაშინ დავიჯერე, რომ არსებობს რაღაც თავდადება, მათ სჯერათ პროექტის, ფილმის.

ტალახში ამოგანგლულები მაინც ვმუშაობდით სიხარულით და მახსოვს, რომ რაღაცნაირად მოვიდა შეგრძნება, რომ ფილმი, ალბათ, გამოვა.  

ბატონო ლევან, როდესაც გაიგეთ, რომ უკვე წარმატებულია „გურია“, როგორი იყო თქვენი რეაქცია? ელოდით ამ ყველაფერს?

ლევანი: „გურიის“ შემთხვევაში რაღაც ძალიან კარგი გამოხმაურება იყო თავიდანვე, კანის კინოფესტივალიდანაც. ვენეციასთან თებერვალში ვიყავით კონტაქტზე, დაგვირეკეს, რომ ფილმი მოსწონთ და ფიქრობენ, მაგრამ ცხადია, შემდეგ არის მოლოდინი, რადგან დიდი შერჩევის პროცესი მიდის. ძალიან სერიოზული ფესტივალის დირექტორებისგან, სელექციონერებისგან ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ფილმმა, ეს უკვე მნიშვნელოვანი იყო… პირველი ფილმი არ არის, მეოთხე ფილმია და ვიცით, როგორ მუშაობს ფესტივალების სისტემა. შესაბამისად, გვიხაროდა ეს მაღალი დონის შეფასება, მაგრამ მაინც ველოდებოდით. თითქმის ყველამ უკვე იცოდა პასუხი და ჩვენ ბოლო დღეს გავიგეთ, მაგრამ მოთმინების უნარი გამოგვიმუშავდა.

ძალიან გაგვიხარდა, რადგან ვენეცია მნიშვნელოვანი ფესტივალია.

ვენეციაში იქნებიან ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები, პროდიუსერები, გაყიდვების აგენტები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, კინოკრიტიკოსები, ანუ ძალიან მომთხოვნი მაყურებელი, ამავე დროს, ჩვეულებრივი მაყურებელი და ვნახოთ, მე პირადად მაინტერესებს, ფილმი როგორ იმუშავებს, იუმორი როგორ გადალახავს ქვეყნის ფარგლებს.


როგორი იყო როლზე მსახიობების შერჩევის პროცესი?

კახა: „ფეისბუქზე“ ვნახე განცხადება, რომელიც ბატონმა პაატა ქვლივიძემ დადო, რომ იღებდნენ ფილმს თემაზე გურია, რომ ფილმს იღებდა ლევან კოღუაშვილი და რომ ეძებდნენ გურულ ტიპაჟებს. შემდეგ, პაატას მივწერე, ხომ არ მოვსინჯოთ-მეთქი და მოდი, დიდი სიამოვნებითო.

სიმართლე გითხრათ, კასტინგზე ძალიან დიდი მსახიობების ჯგუფი იყო და ბევრჯერ მომიწია მისვლა. ვერც ვხვდებოდი, რეჟისორს მოსწონხარ, არ მოსწონხარ, ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი, გაბრაზებული, მითხრას, მოვწონვარ თუ არ მოვწონვარ-მეთქი, ჩემს თავთან მქონდა დიალოგი. ამ დროს, თურმე, მოწონებულიც არის და დამტკიცებულიც, მაგრამ არ მეუბნებიან. ბოლოს, უბრალოდ ვთქვი, ბატონ ლევანთან მინდა შეხვედრა-მეთქი და ლევანმა მითხრა, ერთი კვირაც მაცადე და გეტყვი პასუხსო. თურმე, გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ კიდევ მოსინჯა პერსონაჟები როლის გარშემო, მაგალითად, ნათიას ოთხი-ხუთი კონკურენტი ჰყავდა.

მადლობა პაატა ქვლივიძეს და ქალბატონ ეკა მჟავანაძეს.


ნათია: ჩემს შემთხვევაში, აბსოლუტურად სხვაგვარად იყო, ეკა მჟავანაძემ და ნოშრემ დამირეკეს, მადლობა მათ. ასე მოხდა ბატონ ლევანთან შეხვედრა.

მერე, როგორც კახამ თქმა, გავიარეთ ძალიან ბევრი კასტინგი, ბევრი გზა…

გულწრფელად ვიტყვი, კახა პირველად რომ ვნახე, პარტნიორების შერჩევა რომ იყო, ვიფიქრე, ეს ბიჭი ხომ არ იქნება ის ბიჭი-მეთქი და ბოლოს ისე მოხდა, რომ მე და კახა დავრჩით.

კახა: რამდენიმე მსახიობი განიხილებოდა და რეჟისორებს ეს ხერხი აქვთ, კითხულობენ, რომელ მსახიობთან უფრო შედგა ეს პატარა „წკაპები“. ლევანმა რომ მკითხა, ნათიას დავადე ხელი.

ნათია: მადლობა ბატონ ლევანს, რომ ჩვენ ამხელა ნდობა გამოგვიცხადა.

იქ ყველა პროფესიონალი იყო, საოცარი გუნდი, თავისი სიკეთით, გულწრფელობით.

ნათია, რას იტყვი პერსონაჟზე, ეს იყო როლი, რომელშიც შეხვედი თუ რეალურად ძალიან გგავს პერსონაჟი?

ნათია: ბევრს არ ვილაპარაკებ, სპეციალურად არ ვიტყვი (იცინის).

მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ფილმში არის, ორი ადამიანი როგორ იპოვის ერთმანეთს და მერე რა მოხდება, როგორ გაივლიან გზას.

კახა: რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, ზურიკოს, რომელსაც ცოლი გარდაცვლილი ჰყავს, უცებ შეუყვარდება ქალი და მოჰყავს ქალბატონი ნათიას პერსონაჟი ცოლად და ამაში ეხმარება გელა, ბავშვობის ძმაკაცი, აძალებს ცოლის მოყვანას, რადგან ჩემს პერსონაჟს ვერ გადაუწყვეტია, მოიყვანოს თუ არა ცოლი.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები