შავ ზღვაში, ბოლო ერთი კვირაა თევზის მარაგების კლებადი ტენდენცია ფიქსირდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” თევზის გადამამუშავებელი საწარმოს ”მადაის” ხელმძღვანელმა, მურმან ხარაბაძემ განუცხადა.
ხარაბაძის ინფორმაციით, თუ ერთი კვირის წინ თევზჭერა მძლავრი იყო, ამ ეტაპზე კლებაა შესამჩნევი. ”ზოგადად საქართველოს წყლებში თევზჭერა 10 დეკემბრიდან იწყებოდა ხოლმე. მაგრამ, წელს მზიანი ამინდების გამო, თევზის დიდი რაოდენობა ჩვენს წყლებში ნოემბრის თვეში შემოვიდა და შესაბამისად, სეზონიც მაშინ გაიხსენა. სამწუხაროდ, თევზის დიდმა რაოდენობამ გაგვასწრო და უკვე დაკეტილ ზონაში, ანაკლიის მიმართულებით გადაადგილდა”, – განაცხადა მურმან ხარაბაძემ.
თევზის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფომ კვოტა 2015-2016 წლის სეზონზე 85 ათას ტონამდე გასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს წყლებში ამ რაოდენობის თევზის ჭერაა დაშვებული.
როგორც ხარაბაძემ განმარტა, ამ ეტაპზე მისმა საწარმომ 2 500 ტონამდე თევზი დაიჭირა. ჯამში ქართველმა მეთევზეებმა მიმდინარე სეზონზე 25-დან 27 ათას ტონამდე თევზი დაიჭირეს.
”მართალია, კვოტა 85 ათას ტონამდე გვაქვს, მაგრამ მხოლოდ 27 ათას ტონამდე თევზი დავიჭირეთ. თევზის დიდმა რაოდენობამ უკვე დატოვა ჩვენი წყლები, მაგრამ თუ მზიანი ამინდები გაგრძელდება, ვიმედოვნებთ რომ ქართულ წლებში თევზის მარაგები კვლავ გაიზრდება”, – დასძინა მურმან ხარაბაძემ.
მისივე ინფორმაციით, ქართული თევზი ექსპორტზე ძირითადად თურქეთში გადის, თუმცა მხოლოდ იანვრის თვიდან. მანამდე კი თურქული ბაზარი ქართული თევზისთვის ჩაკეტილია.