LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მოჭიდავეს ოლიმპიური მედალი ჩამოართვეს

1547750241-18

თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, მძიმეწონოსან დავით მოძმანაშვილს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის მედალი ჩამოართვა.

გადაწყვეტილების მიზეზი დოპინგია. სინჯის ხელახალმა კვლევამ დავით მოძმანაშვილის სისხლში აკრძალული პრეპარატი ტურინაბოლი (dehydrochlormethyltestosterone) გამოავლინა. ამის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცეს და ოლიმპიური მედალიც ჩამოართვეს.

დღეისათვის უზბეკეთის სახელით მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი ლონდონში საქართველოს ღირსებას იცავდა და ფინალამდე გავიდა, სადაც უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა. 2017 წელს მოძმანაშვილმა სწორედ უზბეკეთის მოქალაქეობა მიიღო და შარშან აზიის თამაშებიც მოიგო, კონტინენტის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს, რომელიც 2017 წლიდან უზბეკეთის სახელით გამოდის და ვისაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მძიმე წონაში (120 კგ) დაკავებული მეორე ადგილისთვის ვერცხლის მედალი გადაეცა, დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

საქმე ის არის, რომ უახლესი სამეცნიერო ანალიზის მეთოდებით 2012 წელს აღებული სინჯების საკონტროლო შემოწმებისას, მოძმანაშვილის სინჯს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონზე (ტურინაბოლი)“, – წერია სეოკ-ის განცახდებაში.

იქვე მოყვანილია IOS-ის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) სადისციპლინო კომისიის დასკვნაც, სადაც საუბარია რომ საჭიროების შემთხვევაში ოლიმპიური მედლის დაბრუნების ორგანიზება, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მოახდინოს.

„დავით მოძმანაშვილმა დაარღვია ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშებისთვის გაწერილი IOC-ის ანტისადოპინგო წესები და შედეგად მიესაჯა დისკვალიფიკაცია, კონკრეტულად კი – ლონდონის თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოძმანაშვილს უნდა ჩამოერთვას მედალი და დააბრუნოს.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (საჭიროების შემთხვევაში, უზბეკეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან კოორდინაციაში) გადაწყვეტილება სისრულეში უნდა მოიყვანოს. გადაწყვეტილება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.

სუფთა ათლეტების დაცვა და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) უმთავრესი პრიორიტეტია, როგორც ეს გაწერილია ოლიმპიური დღის წესრიგი-2020-ში, რაც ოლიმპიური მოძრაობის მომავლისთვის IOC-ის ერთგვარი სახელმძღვანელო რუკაა“, – წერია სადისციპლინო კომისიის დასკვნაში, რომლის შემადგენლობაშიც დენის ოსვალდი, გუნილა ლინდბერგი და ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი იყვნენ.

განცხადებაში სეოკ-ი აღნიშნავს, დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას უერთდება და ბოლო წლებში ამ მხრივ პროგრესის მისაღწევად საქართველოში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ასევე წერია რომ დოპინგის გამოყენების აღსაკვეთად და სასჯელის უფრო გასამკაცრებლად, ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაშც საჭიროა.

„რა თქმა უნდა, ამ ბრძოლას უერთდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი ქმედითი ნაბიჯები გადადგა და პრევენციული ღონისძიებები განახორციელა დოპინგის გამოყენების აღსაკვეთად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის და ეს აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში“, – წერია სეოკ-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები